ახალი ამბები

ბახმაროსთან დამაკავშირებელ გზაზე ნამქერი ჩამოწვა

23 ნოემბერი, 2020 • 2874
ბახმაროსთან დამაკავშირებელ გზაზე ნამქერი ჩამოწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კურორტ ბახმაროზე დიდთოვლობაა. კურორტთან დამაკავშირებელი გზის მე-17 კილომეტრზე ჩამოწვა ნამქერიც. ინფორმაცია ნეტგაზეთს კურორტის ადმინისტრაციამ და ადგილზე მყოფმა პირებმა დაუდასტურეს.

“ამჟამად ბახმაროში შიდა გზები გახსნილია, წუხელ ბახმაროდან მე-17 კილომეტრზე ჩამოწვა ნამქერი, რომლის გაწმენდაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღის ბოლომდე გზა გაიხსნება. ნამქერი ძალიან დიდი არ არის და საბედნიეროდ, მასში არავინ მოჰყოლია”, – აცხადებს კურორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით საჯაია.

მისივე განცხადებით, წელიწადის ამ დროს, როგორც წესი, კურორტზე არ მუშაობს მაღაზია და აფთიაქი, თუმცა ასული დამსვენებლები თავადვე იმარაგებენ საჭირო მედიკამენტებსა და საკვებს.

ნეტგაზეთი ესაუბრა ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ხელმძღანელს, გიორგი კეჭაყმაძესაც, რომელიც ამჟამად ბახმაროში იმყოფება. მისი განცხადებით, კურორტზე სამასამდე დამსვენებელია.

“გათოვდა დაახლოებით 3-4 დღის წინ, თუმცა გუშინ იყო შედარებით დიდი თოვლი. ინფორმაცია, რომ ბახმაროში მყოფები თითქოს შველას ვითხოვთ, არასწორია. ამჟამად დაახლოებით სამასამდე ადამიანი იმყოფება კურორტზე. შიდა გზები უკვე გაწმენდილია”, – აცხადებს გიორგი კეჭაყმაძე.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი ბახმაროდან უახლოეს დასახლებულ პუნქტში ჩასვლა, კეჭაყმაძე პასუხობს, რომ გზის ერთ მონაკვეთზე სამანქანო გზა ჩაიკეტა, თუმცა მისი გავლა ფეხითაა შესაძლებელი.

“ბოლო მონაკვეთზე, რომელზეც ნამქერია, მანქანით გავლა შეუძლებელია. დღეს დილით გავაცილე დამსვენებელი და ორი კილომეტრის გავლა მოგვიწია ფეხით, შემდეგ კი მანქანით წავიდა. მე როგორც ვიცი, ამჟამად ეს გზა იწმინდება”, – აცხადებს იგი.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, არის თუ არა ელექტროენერგია ან გათბობის სხვა საშუალებები კურორტზე. გიორგი კეჭაყმაძის თქმით, დამსვენებლები საწვავის გენერატორებს იყენებენ.

“ელექტროენერგია ბახმაროში უკვე ერთი თვეა, რაც აღარაა, რადგან ზამთრობით ყოველთვის ითიშება, შესაბამისად, უშუქობა გუშინდელ დიდთოვლობას არ უკავშირდება. აქ მყოფები საწვავის გენერატორებს ვიყენებთ”, – ამბობს გიორგი კეჭაყმაძე.

კურორტ ბახმაროზე დიდი ნალექი გუშინ ღამით მოვიდა, რამაც გამოიწვია მასთან დამაკავშირებელი და შიდა გზების ჩაკეტვა, რომელთა გაწმენდაც ამჟამად მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი