ახალი ამბები

ჩვენს მეგობრებს აწუხებთ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი — ჯაფარიძე ელჩებთან შეხვედრაზე

20 ნოემბერი, 2020 • 908
ჩვენს მეგობრებს აწუხებთ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი — ჯაფარიძე ელჩებთან შეხვედრაზე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული ინდივიდუალური შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მეგობრებს აწუხებს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

მისი თქმით, ფასილიტატორენი ეძებენ გზებს, რომ ქვეყანა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს. როგორ ჯაფარიძე ამბობს, შეთანხმება ერთ-ერთი მხარის დამარცხება არ იქნება და “ქართული ოცნების” მხრიდან ოპოზიციის უგულებელყოფა  კრიზისს მხოლოდ აღრმავებს.

“მსჯელობენ ჩვენთან ერთად ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. ეს იყო ჩვენი განხილვის საგანი. პოლიტიკური კრიზისი სახეზეა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის “ქართულმა ოცნებამ”, იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ. ამ შემთხვევაში, გაუცხოება და ერთმანეთთან დაპირისპირება გამოსავალი არ არის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენი ღრმა რწმენით ერთადერთი გამოსავალი არის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გუშინ, 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 20 ნოემბრიდან ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორებს — აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს — ინდივიდუალურად შეხვდებიან.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

ამასთან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას არ იღებენ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ ოპოზიციას მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა:

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა:

„იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, — რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი