ახალი ამბები

ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრების მიზანი მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მომზადებაა — ჯაფარიძე

20 ნოემბერი, 2020 • 763
ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრების მიზანი მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მომზადებაა — ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ელჩებთან ოპოზიციის წევრების ინდივიდუალური შეხვედრების მიზანი ხელისუფლებასთან გასამართი მოლაპარეკებების მესამე რაუნდისთვის მომზადებაა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე  რაიმე სახის  გზავნილები არ ყოფილა.

“ამ შეხვედრის მიზანი არ ყოფილა, რომ რაღაც გზავნილები მიგვეღო. ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო შეხვედრები, რომელსაც მართავენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები იმისათვის, რომ მოამზადონ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი და ამ შეხვედრების მიზანი არის ის, რომ სცადონ ასე ინდივიდუალურ რეჟიმში კონსულტაციები. დიდი ალბათობით, ხელისუფლებასაც ესაუბრებიან, რომ სცადონ პოზიციების დაახლოება, რათა მესამე რაუნდი, როცა შედგება, ამ მესამე რაუნდს რაღაც კონკრეტული შედეგი ჰქონდეს. შეიძლება, ამით მოლაპარაკებები არ დასრულდეს, მაგრამ ნაბიჯი გადაიდგას წინ”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

გუშინ, 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 20 ნოემბრიდან ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორებს — აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს — ინდივიდუალურად შეხვდებიან.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

ამასთან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას არ იღებენ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ ოპოზიციას მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა:

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა:

„იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, — რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი