ახალი ამბები

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

20 ნოემბერი, 2020 • 931
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მისი გარდაცვალების შესახებ კი სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დღეს, 20 ნოემბერს დაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 90 წლის პატრიარქს კორონავირუსი მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც პირველ ნოემბერს ერთ-ერთი მიტროპოლიტის დაკრძალვას დაესწრო, რომლის გარდაცვალების მიზეზიც ასევე კორონავირუსი გახდა. Reuters პატრიარქის ექიმებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მისი მდგომარეობა გუშინ დამძიმდა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ინსტაგრამის გვერდზე ირინეოსის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით “ჩემთვის პატივი იყო, რომ გიცნობდით. თქვენნაირი ადამიანები არასდროს მიდიან”.

ირინეოსი 2010 წელს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 45-ე პატრიარქი გახდა. ეკლესიას 12 მილიონამდე მრევლი ჰყავს, ძირითადად- სერბეთში, მონტენეგროსა და ბოსნიაში. ასევე აქვს ეპარქიები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში.

გამოცემის ცნობით, ეკლესია ახალ პატრიარქს მომავალ თვეში აირჩევს.

რაც შეეხება კორონავირუსს, Reuters-ის ინფორმაციით, სერბეთში, სადაც 7.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამ დრომდე კორონავირუსით 104 000 ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა 1 110.

მასალების გადაბეჭდვის წესი