ახალი ამბები

“რესპუბლიკურ ღირებულებათა ქარტია” – მაკრონის ულტიმატუმი იმამებს

20 ნოემბერი, 2020 • 730
“რესპუბლიკურ ღირებულებათა ქარტია” – მაკრონის ულტიმატუმი იმამებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მუსლიმ სასულიერო პირებს “რესპუბლიკური ღირებულებების ქარტია” წარუდგინა და დოკუმენტზე დასათანხმებლად 2-კვირიანი ვადა მისცა. ეს მაკრონის მორიგ ინიციატივად განიხილება რადიკალურ ისლამთან ბრძოლის ფარგლებში.

BBC-ის თანახმად, პრეზიდენტი “მუსლიმური რწმენის საფრანგეთის საბჭოს” ლიდერებს ოთხშაბათს შეხვდა. საბჭო დათანხმდა ინიციატივას, შეიქმნას იმამების ეროვნული საბჭო, რომელიც, ცნობების თანახმად, სასულიერო პირებს აკრედიტაციებს მისცემს. აღნიშული აკრედიტაციები ექვემბდებარება გაუქმებასაც.

ამავე ცნობებით, ზემოხსენებულ ქარტიაში ხაზგასმულია, რომ ისლამი არის რელიგია და არა პოლიტიკური მოძრაობა. ამასთან, დოკუმენტი კრძალავს “გარე ჩარევებს” ადგილობრივი მუსლიმური თემების საქმეებში.

“ორი პრინციპი ჩაიწერება შავით თეთრზე [ქარტიაში]: პოლიტიკური ისლამისა და გარე ჩარევის უარყოფა”, – უთხრა წყარონ გაზეთ Le Parisien-ს.

ბოლო კვირებში საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა ახალი ზომების შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, “ისლამურ სეპარატიზმთან” ბრძოლისკენ იქნება მიმართული.

ზომებს შორისაა შეზღუდვები საშინაო განათლების კუთხით: ბავშვებს მიენიჭებათ საიდენტიფიკაციო ნომრები, რითაც გაკონტროლდება, დადიან თუ არა ისინი სკოლაში. ამასთან, გამკაცრდება სასჯელი მათ მიმართ, ვინც რელიგიური ნიშნით ემუქრება საჯარო მოხელეებს.

საფრანგეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯები მოჰყვა ექსტრემისტულ თავდასხმებს, რომლებიც საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გასულ თვეებში მოხდა: პარიზში თავი მოკვეთეს ფრანგ მასწავლებელს, რომელმაც მანამდე მოსწავლეებს მოციქულ მუჰამადის კარიკატურა უჩვენა. აღნიშნულს წინ უძღოდა სიძულვილის კამპანია მის მიმართ სოციალურ ქსელში. მალევე, სამი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ნიცაში, კათედრალთან მომხდარი თავდასხმისას.

პრეზიდენტმა მაკრონმა არაერთი განცხადება გაახმიანა ზემოხსენებულ თავდასხმებამდეც, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მან თქვა, რომ ისლამი, ეს არის რელიგია “კრიზისში”. მაკრონმა ასევე დაიცვა სატირული პრესა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ უფლება, გამოაქვეყნონ მოციქულ მუჰამადის კარიკატურები.

პრეზიდენტის განცხადებებს მოჰყვა მოწოდებები ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთი აზიის ქვეყნებში ფრანგული პროდუქციის ბოიკოტის შესახებ. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მაკრონი ანტიმუსლიმური სენტიმენტის გაღვივებას ცდილობს.

საფრანგეთი დასავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანაა მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი