ახალი ამბები

როცა რესური არ გაგაჩნია, ალბათ უნდა ჩაკეტო – ექიმი რატიანი ეპიდვითარებაზე

19 ნოემბერი, 2020 • 1205
როცა რესური არ გაგაჩნია, ალბათ უნდა ჩაკეტო – ექიმი რატიანი ეპიდვითარებაზე

ლევან რატიანი, ექიმი და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული, აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ჯაჭვის წყვეტის გზა ჩაკეტვაა.

„არ ვიცი, დამეთანხმებიან თუ არა სხვები: როცა რესურსი არ გაგაჩნია, — და ეს ამოწურვადია ნებისმიერ შემთხვევაში, — უნდა გააკეთო უნდა ალბათ ცოტა სხვა რაღაცა“, – განაცხადა ლევან რატიანმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

„ცოტა სხვა რაღაცა, ეს არის, რომ რაც ვიცით დღეს, არის ჯაჭვის წყვეტა, რაც არის ამ წუთში ჩინეთში. ეს არის ჩაკეტვა“, — განაცხადა მან.

„მთავარი ცხოვრებაში სიცოცხლეა, ამიტომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს“, – თქვა რატიანმა.

ეპიდემიოლოგიური ვითარება

19 ნოემბერის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა და შემთხვევების საერთო რაოდენობამ 93 092-ს მიაღწია.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ანტიპანდემიური ღონისძიებები არასაკმარისია და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.

კერძოდ, ჯანდაცვის ექსპერტების თანახმად, საჭიროა შემდეგ პრინციპებზე შეთანხმება:

  • პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი, როდესაც საზოგადოებრივი თანხმობის, თანადგომის და პასუხისმგებლობის გადანაწილების გარეშე, შეუძლებელია ქვეყნის კონსოლიდირებული და ეფექტიანი პასუხი.
  • დაუყოვნებლივ გადაიდგას შემდეგი საგანგებო ნაბიჯები:
  • ქვეყანაში ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებების მართვის მექანიზმის გაძლიერება;
  • ეპიდემიის მართვისას პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან საკითხი/მართვა გადავიდეს ზეპარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე;
  • შეიქმნას დროებითი ეროვნული მექანიზმი დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, რაც საზოგადოების მხრიდან ნდობასა და მხარდაჭერას გააძლიერებს, ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, პოლარიზაციის ნაცვლად;
  • გააერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო რესურსს ეპიდემიის დაძლევის მიზნით;
  • მკაფიოდ გაიმიჯნოს პასუხისმგებლობები, გამკაცრდეს სააღსრულებო დისციპლინა, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს როლისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციისთვის;
  • სამედიცინო მომსახურების მიწოდების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო სისტემისადმი მიმართვის მოთხოვნილების (საჭიროების) შემცირება;
  • პაციენტთა ქცევის ტექნიკური ალგორითმის შექმნა/განახლება;
  • მოსახლეობისთვის ერთიანი სტანდარტის – გზამკვლევის შექმნა და გავრცელება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ვებ-გვერდით, რეალურ დროში მონიტორინგის, ლაივ-კონსულატაციებისა და სხვა მექანიზმების ამოქმედება;
  • მომსახურების სიმძლავრეების ოპტიმიზაცია;
  • კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა ყველა დონეზე (ტრანსპორტირების, ლაბორატორიული მომსახურების, ჰოსპიტალური მომსახურების და სხვა);
  • მომსახურების ანაზღაურების ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომელიც ამცირებს, მატერიალური გამორჩენის მიზნით, ნაკლებად მიზანშეწონილი (გამართლებული) მომსახურების მიწოდების ინტერესს (იქნება ეს ლაბორატორიული მომსახურება თუ საწოლზე პაციენტის დაყოვნება);
  • საზოგადოების ინფორმირების / კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება, ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და 24-საათიან რეჟიმში ყველა საჯარო გზავნილის მომზადება და გავრცელება გეგმის მიხედვით;
  • საკომუნიკაციო მესიჯების თანმიმდევრულობა;
  • გადაწყვეტილების გამჭვირვალობა, მიღწეული წარმატებისა და წარუმატებლობის გაზიარება.

“სახელმწიფოს გატარებული ანტიპანდემიური ღონისძიებები არასაკმარისია” – ექსპერტების მიმართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი