ახალი ამბები

ცერცვაძე კლინიკაში გადაიყვანეს – მას ორმხრივი პნევმონია აქვს | Covid-19

19 ნოემბერი, 2020 • 2404
ცერცვაძე კლინიკაში გადაიყვანეს – მას ორმხრივი პნევმონია აქვს | Covid-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფექციური კლინიკის ცნობით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა:

„აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ- ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია“.

ამასთან, ცერცვაძეს იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება.

„ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს – იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა“, – იუწყება კლინიკა.

ცენტრის დირექტორს ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირის“ ორი 100- მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად გადაუსხეს.

„ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით“.

ცერცვაზის მეუღლის, ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი