ახალი ამბები

წაულასგან მუტირებული COVID-19-ის ადამიანზე გადადების შემთხვევა 7 ქვეყანაში დაფიქსირდა

19 ნოემბერი, 2020 • 1139
წაულასგან მუტირებული COVID-19-ის ადამიანზე გადადების შემთხვევა 7 ქვეყანაში დაფიქსირდა

კორონავირუსული ინფექციის გამომწვევი ვირუსის, Sars-CoV-2-ის მუტირებული ვარიაცია, რომელიც წაულას უკავშირდება, ადამიანებში უკვე 7 ქვეყანაში აღმოაჩინეს.

როგორც The Guardian წერს, ვირუსის ეს მუტაცია თავდაპირველად წაულებში აღმოაჩინეს, თუმცა უკვე ადამიანებშიც გვხვდება. თავდაპირველად ეს მოვლენა დანიაში შენიშნეს, რის გამოც მსოფლიოში წაულას ბეწვის წამყვანმა მწარმოებელმა  ქვეყანამ ქვეყნის მასშტაბით ცხოველის პოპულაციის განადგურების გადაწყვეტილება მიიღო.

დანიის ჯანდაცვის უწყებებში აცხადებდნენ, რომ ვირუსის ეს ვარიაცია, რომელსაც C5-ს უწოდებენ, ანტისხეულებისთვის გასანეიტრალებლად უფრო რთულია და, შესაბამისად, არსებობდა შიში, რომ პოტენციური ვაქცინის ეფექტურობას შეუქმნიდა საფრთხეს.

ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსის ეს ტიპი ადამიანებში აღმოაჩინეს, დანიის გარდა, ნიდერლანდები, სამხრეთ აფრიკა, შვეიცარა, ფარერის კუნძულები, რუსეთი და აშშ-ია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის აღნიშნული ვარიაციის ნიშნები მთელ მსოფლიოში დაფიქსირდა. ლონდონის საუნივერსიტეტო  კოლეჯის გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი ფრანსუა ბალუ აცხადებს, რომ მეცნიერებს მხოლოდ 20 გენომის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდათ, რაც ძალიან ცოტაა, გასულ კვირას კი დანიელებმა 6 000 გენომი ატვირთეს ერთიან ბაზაში, საიდანაც სულ მცირე 300 შემთხვევაში ადამიანები სწორედ მუტირებული ვირუსით დაავადდნენ.

მიკრობიოლოგი პროფესორი ჯოანი სანტინი აცხადებს, რომ დაუდგენელია, თავდაპირველად ვირუსმა მუტაცია ადამიანის ორგანიზმში განიცადა და წაულას გადაედო, თუ პირიქით მოხდა.

რაც შეეხება ვაქცინას, The Guardian-სთვის გაგზავნილ საერთო წერილში მეცნიერთა ჯგუფი აცხადებს, რომ ნაკლებ მოსალოდნელია აღნიშნულმა მუტაციამ ვაქცინის ეფექტურობა რისკის ქვეშ დააყენოს, ისევე, როგორც ის არ წარმოადგენს ახალ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ დანია ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც წაულას პოპულაციის განადგურები გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო, წაულებს, რომლებსაც Covid-19 აქვთ, ესპანეთსა და საბერძნეთშიც ხოცავენ. როიტერსის ცნობით, წაულების ტესტირება დაიყწო პოლონეთშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი