ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოპოზიციის ლიდერ ვანეციანის თქმით, რუსეთი ფაშინიანის გადაყენებაში არ ჩაერევა

19 ნოემბერი, 2020 • 1279
ოპოზიციის ლიდერ ვანეციანის თქმით, რუსეთი ფაშინიანის გადაყენებაში არ ჩაერევა

სომხეთის ოპოზიციის და ბოლოდროინდელი ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, არტურ ვანეციანი ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს შემდეგ აცხადებს, რომ მისი აზრით, რუსეთი სომხეთის საშინაო საქმეებში, კერძოდ კი ფაშინიანის გადაყენების საკითხში, არ ჩაერევა.

ჟურნალისტებმა 18 ნოემბრის აქციაზე ვანეციანს გაახსენეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნათქვამი, რომლის თანახმადაც ფაშინიანი „მოღალატე არ არის“ და ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება ფაშინიანის გადაყენებას. ვანეციანმა უპასუხა:

„მე არ ვფიქრობ, რომ მოსკოვი ერევა ან აქვს სურვილი, ჩაერიოს სომხეთის საშინაო საქმეებში. მხოლოდ სომხეთში არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაჭრან ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების საკითხი“.

არტურ ვანეციანი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელია. ის „ხავედროვანი რევოლუციის“ შემდეგ 2019 წლის სექტემბრამდე იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების სამსხურის ხელმძღვანელის პოსტს.

ამჟამად ვანეციანი ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერია. ის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანიანზე თავდასხმისა და მკვლელობის მომზადების ბრალდებით 14 ნოემბერს დააკავეს, თუმცა სასამართლომ მეორე დღესვე გაათავისუფლა.

პუტინის თქმით, სხვა გამოსავალი არსებობდა

ვლადიმერ პუტინმა 17 ნოემბერს Rossiya 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 19-20 ოქტომბერს, ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის შემდეგ, მოახერხა, დაერწმუნებინა ალიევი, რომ შესაძლებელი იყო სამხედრო ღონისძიებების შეწყვეტა, თუმცა იმ პირობით, რომ დევნილები დაბრუნდებოდნენ სიმბოლურ ქალაქ შუშაში/შუშშიც.

პუტინმა ასევე თქვა, რომ მის გასაკვირად, სომეხმა პარტნიორებმა ეს მიუღებლად მიიჩნიეს: „პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პირდაპირ მითხრა, რომ ამას სომხეთის და მთიანი ყარაბაღის ინტერესებისთვის საფრთხედ მიიჩნევდა“.

„მე კარგად არ მესმის, რა არის ეს ჰიპოთეტური საფრთხე“, – თქვა პუტინმა და დასძინა, რომ ეს იქნებოდა სამოქალაქო პირების დაბრუნება საკუთარ სახლში, იმის ფონზე, რომ სომხური მხარე ინარჩუნებდა კონტროლს მთიანი ყარაბაღის ამ სექციაზე, მათ შორის შუშაზე.

„ამასთან, ჩვენი სამშვიდობოებიც იქ იქნებოდნენ, რაზეც შევთანხმდით სომხეთთან და აზერბაიჯანთან“, – განაცხადა პუტინმა.

„ღალატი არ ყოფილა“

როგორც გამოცემა „ევრაზიანეტი“ წერს, პუტინის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდიოდა ფაშინიანის განცხადებებთან, რომელიც ამბობდა, რომ არ არსებობდა გამოსავალი, რომელიც შუშას/შუშის დათმობას ითვალისწინებდა.

ნიკოლ ფაშინიანს ოპონენტები ადანაშაულებენ, რომ „გაყიდა შუშა“ და ღალატში სდებენ ბრალს. ვლადიმერ პუტინმა ამასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა:

„მის მიმართ ღალატის ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ერთი მხრივ, გაურკვეველია, ეს [გადაწყვეტილება, რომ ჩვენს აღნიშნულ შეთავაზებას არ დათანხმდა] სწორი იყო თუ არასწორი. ეს სხვა საკითხია, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა ღალატი“.

ნიკოლ ფაშინიანი, ვლადიმერ პუტინი; 2018, სოჭი; ფოტო: რია-ნოვოსტი

ვანეციანმა 18 ნოემბერს აქციაზე განაცხადა: „ფაშინიანს რომ რცხვენოდეს ან ღირსება ჰქონდეს, ბოდიშს მოუხდიდა სომეხ ხალხს და დაუყოვნებლივ გადადგებოდა, რადგან დამარცხებული ლიდერი არ შეიძლება, ქვეყნის ლიდერად დარჩეს“.

დემონსტრაციების ტალღა ერევანში

სომხეთის დედაქალაქში აქციები 10 ნოემბრის ღამეს დაიწყო. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვს.

დემონსტრაციები მას შემდეგ დიწყო, რაც მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულებას.

შეთანხმების თანახმად, სომხურმა მხარემ უნდა დათმოს ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები, ასევე უზრუნველყოს ნახიჩევანის კორიდორის მშენებლობის შესაძლებლობა. ამასთან, შუშა/შუში აზერბაიჯანული კონტროლის ქვეშ რჩება.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა მმართველი პარტიის 4-მა დეპუტატმა. წასვლის მიზეზად ფაშინიანის ფეისბუკის პოსტი დაასახელეს, სადაც იგი ჯარისკაცებს მხარდაჭერას სთხოვს დემონსტრაციების პარალელურად.

არაერთმა მოქალაქემ ეს პოსტი სამოქალაქო ომისადმი მოწოდებად აღიქვა.

პოსტი დატოვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ზოჰრაბ მნაცაკანიანმაც.

ნიკოლ ფაშინიანი კი აცხადებს, რომ ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს.

ფაშინიანმა სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი