ყარაბაღის საკითხით გამოწვეული შიდაპოლიტიკური პროცესების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მრავალპუნქტიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს.
“მე ვარ ნომერ პირველი პასუხისმგებელი შექმნილი სიტუაციის გამო და ასევე, მე ვარ პასუხისმგებელი მის დასაძლევასა და სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე”, – დაწერა ფაშინიანმა დღეს, 18 ნოემბერს ფეისბუკზე.
აღნიშნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ხელისუფლება გეგმავს, მოლაპარაკებათა პროცესი გააგრძელოს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის, ასევე, ყარაბაღში საკუთარ სახლებში დევნილთა დაბრუნების უზრუნველყოფისა და სახლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხებზე.
ფაშინიანს გეგმებს შორისაა ასევე დაღუპულ სამხედროთა ოჯახების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა, დაჭრილი სამხედროების პრობლემების მოგვარება, ტყვეების დაბრუნება, “ომის მონაწილეთა და მთლიანობაში, საზოგადოების” ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ასევე რეფორმებს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, როგორიცაა შეიარაღებული ძალების რეფორმა, ეკონომიკური აქტიურიობის აღდგენა, საარჩევნო კოდექსის შეცვლა, პარტიების შესახებ კანონის მიღება, რეფორმებს სასამართლო სფეროში და ა.შ.
ფაშინიანი ირწმუნება, რომ 2021 წლის ივნისში აღნიშნული პროგრამების რეალიზაციის შესახებ ანგარიშით წარდგება.
სომხეთის დედაქალაქში აქციები 10 ნოემბრის ღამეს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულებას, რომლის მიხედვითაც, სომხურმა მხარემ უნდა დათმოს ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები, ასევე უზრუნველყოს ნახიჩევანის კორიდორის მშენებლობის შესაძლებლობა.
ოპოზიცია პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვს. თანამდებობა დატოვა მმართველი პარტიის 4-მა დეპუტატმა, რომელთა განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, სადაც იგი ჯარისკაცებს მხარდაჭერას სთხოვს, სამოქალაქო ომისადმი მოწოდებაა. პოსტი დატოვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ზოჰრაბ მნაცაკანიანმაც. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, იგი ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს.







