ახალი ამბები

პომპეომ სასამართლოში არსებული კლანის შესახებ იკითხა – გვილავა

18 ნოემბერი, 2020 • 1001
პომპეომ სასამართლოში არსებული კლანის შესახებ იკითხა – გვილავა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლი გია გვილავა  ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც მაიკ პომპეოსთან NGO-ების შეხვედრას ესწრებოდა დღეს, 18 ნოემბერს.

გვილავას თქმით, შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კითხვა სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფზე დასვა, რომელსაც არასამთავრობოების ნაწილი კლანად მოიხსენიებს.

გვილავას თქმით, შეხვედრის მთავარი თემა სასამართლო სისტემა იყო, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მას სწორედ ამ მიმართულებით მომუშავე პირები ესწრებოდნენ. TI-ს წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფო მდივანთან რამდენიმე გახმაურებულ პროცესზე და მართლმსაჯულების სისტემის მომავალზეც ისაუბრეს:

“არჩევნები განხილვის თემა არ ყოფილა, მხოლოდ სასამართლოზე იყო საუბარი და იმ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს სისტემაში. გარდა სისტემური პრობლემებისა, კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, რომელიც მოვახსენეთ სახელმწიფო მდივანს. ეს იყო კარტოგრაფების, ანაკლიის პორტის, ფილიპ მორისის საქმე და ის ხალხი, ვინც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდება სისტემაში. ყველა გახმაურებულ პროცესზე ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მართლმსაჯულებას საქართველოში და ვთხოვეთ კონკრეტული გზები.

ორი კონტექსტი იყო: სასამართლო, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ხელისუფლების ხელში, და მეორე- სასამართლო, სადაც უკვე შეინიშნება კორუფციის პატარა ტენდენციები, მაგრამ ეს არის სურათი, რომელსაც ჩენ ვხედავთ”, – ამბობს გვილავა.

მისი თქმით, პომპეომ მათ ჰკითხა სასამართლოში არსებული “კლანის” შესახებ და დაინტერესდა, როგორი მეთოდებით მუშაობს ეს გავლენიანი ჯგუფი:

“ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც სასამართლოზე მუშაობს. შესაბამისად, ის, რომ ჩვენ შეგვხვდა, ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ამ ხალხს ადარდებს სასამართლო. სასამართლო არის ამ ქვეყნის სირცხვილი საზღვარგარეთ. მან იკითხა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ. როგორც ჩანს, კარგადაა ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს. ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, ადვოკატირება გავაძლიეროთ.

მტკიცებულებების წარდგენა არ მოუთხოვია. მან იკითხა, კონკრეტულად როგორი მეთოდებით მუშაობენ. ერთადერთი იყო სასამართლო დავები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. არის დაუსაბუთბელი გადაწყვეტილებები და მხარეების პოზიციების იგნორირება”, – თქვა TI-ს წარმომადგენელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

აღნიშული შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა.

“სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად”, – ნათქვამია საელჩოს ცნობაში.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი