ახალი ამბები

“ჩიხი უნდა გადაილახოს” – ეუთოს ასამბლეა არჩევნების შემდგომ ვითარებაზე

18 ნოემბერი, 2020 • 865
“ჩიხი უნდა გადაილახოს” – ეუთოს ასამბლეა არჩევნების შემდგომ ვითარებაზე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები კვლავ საუბრობენ საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნის აუცილებლობაზე. პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნავს, რომ “ჩიხი უნდა გადაილახოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა”.

“მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის თანმდევი, სერიოზული გამოწვევებია, საქართველოს 2 მილიონზე მეტი მოქალაქე 31 ოქტომბერს არჩევნებზე წავიდა, რათა საკუთარი ხმა დაეფიქსირებინა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ნიშანი ამ არჩევნების მნიშვნელობისა და ყველა ქართველის ერთგულებისა დემოკრატიისადმი”, – აცხადებს სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარე ელონა ჯებრეა ჰოჯა.

ჰოჯა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საჩივრების ინკლუზიური განხილვის უზრუნველყოფა, რათა შენარჩუნდეს ქართველი ამომრჩევლის ნდობა.

“ამ პროცესის დასრულების შემდეგ ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს თავისი მანდატი, შევიდეს პარლამენტში და განაგრძოს საქმიანობა ინსტიტუციების შიგნით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ფინეთის პარლამენტის წევრმა პია კაუმამ კვლავ გაიმეორა ეუთოს მიერ მანამდე გახმიანებული პოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების კონკურენტულობასთან და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემასთან დაკავშირებით. მან საარჩევნო სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და მოუწოდა “ამჟამინდელ პოლარიზაციაში” მონაწილე მხარეებს, იმუშაონ ერთად სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა ამერიკელმა კონგრესმენმა რიჩარდ ჰადსონმაც, რომელიც ამჟამად ეუთოს ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარედ საქმიანობს. მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოძებნონ და მიუხედავად ამოცანის კომპლექსურობისა, ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

მისივე თქმით, ქვეყანას კვლავ შეუძლია, თავისი პარტნიორების იმედი ჰქონდეს, მათ შორის მათი, ვინც ადგილზე ცდილობენ პოლიტიკური პარტიების შეთანხმების უზრუნველყოფას. მეორე მხრივ, ჰადსონის თქმით, საბოლოოდ თავად ქართველებზეა დამოკიდებული როგორც სიტუაციის განუხტვა, ისე პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრა და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენა.


საქართველოს ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ გააყალბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რის გამოც ისინი უარს აცხადებენ როგორც მეორე ტურებში მონაწილეობაზე, ისე – პარლამენტში შესვლაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი