ახალი ამბები

კადიროვი “მარველის” პერსონაჟების “რეალური გმირებით” ჩანაცვლებას ითხოვს

17 ნოემბერი, 2020 • 1300
კადიროვი “მარველის” პერსონაჟების “რეალური გმირებით” ჩანაცვლებას ითხოვს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი წინააღმდეგია, საბავშვო სივრცეები “მარველის” პერსონაჟების ფოტოებით გაფორმდეს. ამის შესახებ მან ქალაქ კურჩალოიში, საცხოვრებელი კომპლექსის დათვალიერებისას ისაუბრა და თქვა, რომ ისინი “რეალური გმირების ფოტოებით” უნდა ჩაანაცვლონ.

კადიროვმა სოციალურ ქსელ “ვკონტაქტეზე” დაწერა, რომ ორშაბათს დაათვალიერა ერთ-ერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი კურჩალოიში, შეამოწმა იქ არსებული პირობები და “მცირე კორექტირება შეიტანა ბავშვთა სათამაშო მოედნების დიზაინში”.

ვიდეოს მიხედვით, შენობის ერთ-ერთი განყოფილების კედლები “მარველის” პერსონაჟების – თორის, კაპიტან ამერიკისა და სხვების – სურათებით იყო გაფორმებული. კადიროვს ეს არ მოეწონა.

“ჩვენ უნდა ამოვიღოთ ამ გამოგონილი პერსონაჟების სურათები, ეს ფანტაზიებია… წარმოადგინეთ ჩვენი რეალური გმირების ფოტოები. რელიგიისა და ხალხის ისტორიაში ბევრი რეალური გმირია, რომელთაგანაც შეგიძლიათ, აიღოთ და უნდა აიღოთ კიდეც მაგალითი. სხვა შემთხვევაში, ისინი[ბავშვები] იფიქრებენ, რომ მხოლოდ ეს[“მარველის”] გმირები არსებობენ”, – ციტირებს ჩეჩნეთის ლიდერს გამოცემა Current Time, Ria Novosti-ზე დაყრდნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი