ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა

17 ნოემბერი, 2020 • 868
ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თავად დაუდასტურა.

გამყრელიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძისთვის COVID-19-ის დადასტურებას და ამბობს, რომ გუშინ და გუშინწინ კონტაქტი ბევრ ინფიცირებულთან ჰქონდა:

“თვითიზოლაციაში გადავედი დღეს, მაგრამ არა ბატონ თენგიზთან დაკავშირებით. გუშინ და გუშინწინ ბევრ ინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი, ძირითადად დაცული, მაგრამ მაინც გადავწყვიტე თვითმონიტორინგი ვაწარმოო. ჯერჯერობით სიმპტომები არ მაქვს”, – ამბობს ამირან გამყრელიძე “ნეტგაზეთთან”.

დღეს, 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დეირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის პრესცენტრის ცნობით, ცერცვაძე სახლში მკურნალობს.

“კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს… მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს”, – ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი