ირაკლი კობახიძის შეთავაზებასთან დაკავშირებით დებატებში მიწვევის შესახებ ოპოციზიას ამ დრომდე არ გაუცია ოფიციალური ერთიანი პასუხი “ქართული ოცნების” ლიდერისთვის. პარტიებში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე სხვა ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ერთობლივი გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ოპოზიციურ პარტიებში აღნიშნავენ, რომ ფორმატთან პრობლემა არ აქვთ და დებატებისთვის მზად არიან, თუმცა იმის გათვალისიწნებით, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციასთან ღია ეთერში დებატებს წინასაარჩევნო პერიოდში თავი აარიდა, ამ შეთავაზების უკან პარტიების ნაწილი სხვა განზრახვას ხედავს.
როგორც გიგა ბოკერია “რუსთავი 2-თან” აცხადებს, ნორმალური იქნებოდა, თუ დებატები წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარდებოდა, ახლა კი მმართველ პარტიას შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ამ გზით განმუხტვა აქვს განზრახული, რაც ბოკერიას შეფასებით, შეუძლებელია. თუმცა პოლიტიკოსი აცხადებს, რომ “ევროპული საქართველო” დებატებისთვის მზადაა, მაგრამ ამ საკითხზე სხვა პარტიებთანაც უნდა გაიარონ კონსულტაციები:
“ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ივანიშვილის გარემოცვასთან და მასთანაც, შანსი რომ იყოს, დებატებისთვის. ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან გვექნება კონსულტაცია, ისინი როგორ უყურებენ ამ საკითხს. ნორმალური იყო წინასაარჩევნო პერიოდში დებატები, როცა ყველა დებატს გაექცნენ” ,- ამბობს ბოკერია.
მსგავსი დამოკიდებულება აქვთ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც”. ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ მათი პოზიცია ცნობილი დღის ბოლომდე გახდება:
“ეს არის გამოსავლის ძებნის მცდელობა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან და არა რეალურად რაღაც შეთავაზება ოპოზიციისთვის. დებატებში კი არ არის პრობლემა, პრობლემაა, რისთვის იყენებს ხელისუფლება დებატებს, ჩვენი პოზიცია დღეს გახდება ცნობილი” ,- ამბობს უდუმაშვილი.
ირაკლი კობახიძის შეთავაზებას გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილიც. მისი თქმით, “ოცნება” რამდენიმე წელია დებატებზე უარს ამბობს და არჩევნებამდეც აირიდეს თავიდან. მისი თქმით, “მოქალაქეებიდან” პარტიის ნებისმიერი წევრია მზად, ირაკლი კობახიძესთან ერთად ამ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა:
“რამდენიმე წელიწადია “ოცნება” უარს ამბობს დებატებზე. არჩევნების წინაც კი გაექცნენ დებატებს. ახლა გაყოყოჩებულა კობახიძე და აბდუშაჰილივით დოინჯშემოყრილი დადის თურმე – დამიჯდნენ დებატებშიო. აგერ ვართ ჩვენი პარტია – მოქალაქეები და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს, რა გაყალბდა და როგორ”, – აცხადებს ელისაშვილი.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნებისმიერ დროს მზადაა ოპოზიციასთან ერთად სატელევიზიო დებატებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
მანამდე კობახიძე ამბობდა, რომ არავითარი სისტემური მანიპულაცია საარჩევნო შედეგებზე არ მომხდარა, თუმცა ოპოზიცია ამას არ აღიარებს.
„პირდაპირ გთავაზობთ, ახლა ხომ თქვენ, ჟურნალისტები მისვამთ კითხვებს. გთავაზობთ, შევქმნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიების წარმომადგენლები“, – ამბობს ის და ამატებს, რომ თემა იქნება საარჩევნო დარღვევები და მანიპულაცია.