ახალი ამბები

საოკუპაციო რეჟიმის გულგრილობამ მე-16 ადამიანი იმსხვერპლა – შერიგების სამინისტრო

15 ნოემბერი, 2020 • 1298
საოკუპაციო რეჟიმის გულგრილობამ მე-16 ადამიანი იმსხვერპლა – შერიგების სამინისტრო

“საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ მორიგი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა”, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და გარდაცვლილი ონისე გათენაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვილი 14 ნოემბერს, ,,წითელი ჯვრის’’ ჩართულობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ გადმოიყვანეს. ის კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

“საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ,,წითელი ჯვრისგან’’ სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები. აღსანიშნავია, რომ პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში. ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავთ”, – ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს მოუწოდებს, გააძიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რათა მოსახლეობას საოკუპაციო ხაზს მიღმა შეუმსუბუქდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და ხელი არ შეეშალოს კრიტიკულად საჭირო დახმარების მიღებაში.


ახალგორში კორონავირუსით ექიმი და ახალგორის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, 68 წლის ონისე გათენაშვილი გარდაიცვალა. ახალგორში ეს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტია.

პაციენტი ბინაზე, ახალგორში მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჯერ ცხინვალის ჰოსპიტალში გაამგზავრეს. ნებართვის მიღების შემდეგ კი თბილისში უნდა გადმოეყვანათ. ადგილობრივთა ინფორმაციით, პაციენტი სწორედ თბილისისკენ ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა.

ახალგორიდან თბილისის მიმართულებით, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე მძიმე პაციენტებისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით ერთ წელზე მეტია გამშვები პუნქტები დაკეტილია. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მძიმე პაციენტების გადმოყვანას სპეციალური ნებართვები სჭირდება, რომელთა მიღებასაც, როგორც წესი, გარკვეული დრო სჭირდება.

ახალგორში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტი საავადმყოფოს ექიმი იყო

მასალების გადაბეჭდვის წესი