ახალი ამბები

“სამსართულიანი საფლავები” ირანში, ვირუსით დაღუპულთა ოდენობის ზრდის ფონზე

14 ნოემბერი, 2020 • 1083
“სამსართულიანი საფლავები” ირანში, ვირუსით დაღუპულთა ოდენობის ზრდის ფონზე

მიმდინარე თვეში, ირანში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. ხელისუფლების მიერ შემოღებული ცალკეული შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ განიცდის პანდემიით გამოწვეულ ყველაზე მასშტაბურ კრიზისს ახლო აღმოსავლეთში. ირანის მთავრობას არაერთგზის ადანაშაულებენ დაგვიანებულ მოქმედებაში, კორუფციასა და გულგრილობაში, რამაც ქვეყანაში კატასტროფული ვითარება შექმნა.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში ვირუსს 40 000 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, ორჯერ მეტი იყოს. დაღუპულებს შორის ასობით ექიმია. ინფიცირებულთა აღრიცხული რაოდენობა 700 000-ს აჭარბებს.

“რადიო თავისუფლების” სპარსული სამსახურის თანახმად, სექტემბრიდან დღემდე, ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები 400%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე თვეში, ყოველდღიურად, 400-ზე მეტი მოქალაქე იღუპება. ასეთია ოფიციალური რიცხვი.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა თეირანში, რომელზეც გარდაცვლილთა ნახევარი მოდის.

“საავადმყოფოები პაციენტებით წაილეკა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, გავრცელებული ინფორმაციით, საწოლები აღარ ჰყოფნით. ვითარებას თეირანის დიდ, ბეჰეშთ-ზაჰრას სასაფლაოზე, რომელიც ყველაზე დიდია ქვეყანაში, აღწერენ როგორც უპრეცენდენტოს ბოლო 50 წლის მანძილზე”, – წერს რადიოს ჟურნალისტი.

ბეჰეშთ-ზაჰრას სასაფლაოზე მასობრივად თხრიან ახალ საფლავებს. თეირანის მერის, მოჰსენ ჰაშემის თქმით, სასაფლაოს ტევადობა გასამმაგებულია. მისი განცხადებით, ადგილზე “სამ-სართულიან” საფლავებს აშენებენ.

სპეციალისტების თქმით, ქვეყანაში არსებული რთული ვითარების დასტაბილურობა მხოლოდ სრული, მკაცრი კარანტინით შეიძლება.

ირანის მთავრობის მიმართ არაერთი ბრალდება ისმის, რომლებიც პანდემიის კრიზისისადმი დაგვიანებულ პასუხს, კორუფციასა და ინფიცირებისა თუ გარდაცვალების მონაცემებით განგებ დაფარვას შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი