ახალი ამბები

“რიგგარეშე არჩევნების დაპირება პარლამენტში შესვლის საფუძველი ვერ იქნება” – უგულავა

13 ნოემბერი, 2020 • 905
“რიგგარეშე არჩევნების დაპირება პარლამენტში შესვლის საფუძველი ვერ იქნება” – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის დაპირება, ასეთის შეთავაზების პირობებში, ვერ იქნება ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საფუძველი.

პოლიტიკოსის თქმით, რიგგარეშე არჩევნები იურიდიულად ვერ ფორმდება, ოპოზიციას კი არანაირი წინაპირობა არ აქვს, ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ენდოს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ამ კომპრომისზე წამოვა, ოპოზიცია საზოგადოებრივ წნეხს მოხსნის, თუმცა ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. უგულავა აღნიშნავს, რომ “ოცნებას” საკმარისი მანდატები აქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაცვლელად, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა:

“თუ ჩვენ ვამბობთ, ტოტალური გაყალბება მოხდა, ტოტალურ სიყალბეში ადამიანმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ერთადერთი კომპრომისი ჩვენგან შეიძლება იყოს, თუ გაზაფხულზე დაინიშნება არჩევნები, საზოგადეობრივი წნეხის მოხსნა, მაგრამ სიყალებში ჩვენ ფეხს ვერ შევდგამთ. მე “ევროპული საქართველოს” პოზიციაზე ვსაუბრობ, მაგრამ ვიცნობ 8 ოპოზიციური პარტიის პოზიციებს და არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ვინმე სხვანაირად ფიქრობდეს. ჩვენ ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მივიღებთ. 

რიგგარეშე არჩევნები სამართლებრივად ვერ გაფორმდება. ეს პოლიტიკური აქტია, ჩვენ უნდა მივიღოთ ივანიშვილის სიტყვა სიტყვაზე და ქართული საზოგადოება ენდოს ივანიშვილის სიტყვას, რომელმაც მოატყუა. ჩვენ არ ვენდობით მის სიტყვას, და თუ “ქართული ოცნება” იტყვის, გაზაფხულზე იქნება რიგგარეშე, ჩვენთვის საფუძველი ვერ იქნება, რომ შევიდეთ პარლამენტში და “გავუპრავოთ” გაყალბებული არჩევნები. მათ სიტყვას ჩვენ ვერ ვენდობით”, – ამბობს უგულავა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი