ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში მორიგი ანტისამთავრობო დემონსტრაცია იმართება | დღე მე-4

13 ნოემბერი, 2020 • 953
ერევანში მორიგი ანტისამთავრობო დემონსტრაცია იმართება | დღე მე-4

13 ნოემბერს, 17:00 საათიდან, ერევანში მორიგი ანტისამთავრობო დემონსტრაცია დაიწყო. ეს დემონსტრაციების უკვე მე-4 დღეა.

17 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და დემონსტრანტები ითხოვენ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ბაქოსა და მოსკოვთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ.

დემონსტრანტები კვლავ სკანდირებენ: „ნიკოლ მოღალატე“. პარტიები აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა „ყარაბაღი [აზერბაიჯანს] ჩააბარა“.

„რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი სამსახურის ცნობით, აქციაზე უკვე არაერთი ადამიანი დააკვეს. აქციის დაწყებამდე კი ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუთიუნის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, იშხან საღათელიანმა, განაცხადა, რომ უშიშროებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეების განცხადებით, ხელი მოეწერა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შევიდა.

შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ისტორიული გამარჯვებაა“, ერევანში კი დაიწყო არეულობა — პარლამენტი და მთავრობის კანცელარია დაარბიეს, პარლამენტის თავმჯდომარეს სასტიკად გაუსწორდნენ — და საპროტესტო აქციები, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი