აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძისა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ფაიგ გულიევის შეხვედრას.
“შეხვედრის დროს ფ. გულიევის მიერ აღინიშნა, რომ “აგრესიის, ჩვენი მიწების ოკუპაციის შეჩერება, რომელიც 30 წელი გრძელდებოდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთელ რეგიონს. აშკარაა, მას არ აქვს მკაფიო წარმოდგენა აფხაზეთისა და საქართველოს კონფლიქტის თავისებურებებზე. ეიფორიის მდგომარეობაში მყოფმა აზერბაიჯანის ელჩმა საკუთარ თავს უფლება მისცა, საკმაოდ ორაზროვანი განცხადებით, საქართველოში რევანშისტული განწყობები გაეძლიერებინა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აქვე აფხაზური მხარე შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ელჩი “აფხაზეთის არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა, რომელსაც არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია, აფხაზი ხალხის სახელით ისაუბროს”. სოხუმის ცნობითვე, აფხაზური მხარე აღნიშნული ფაქტს ჟენევის მორიგ დისკუსიებზე დააყენებს.