ახალი ამბები

მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის ადამიანურად ნაწყენი — უგულავა

12 ნოემბერი, 2020 • 1427
მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის ადამიანურად ნაწყენი — უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადებები ოპოზიციის ერთობისთვის “მჟავე გემოს ტოვებს”, მაგრამ არ აზიანებს.

როგორც უგულავა ამბობს, ვაშაძე ოპოზიციის სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა და “რუსთავი 2-სთვის” მიცემული ინტერვიუს შემდეგ საეჭვოა, რომ მას ეს მანდატი ვინმემ მისცეს.

უგულავას თქმით, მოეჩვენა, რომ გრიგოლ ვაშაძე ნაწყენია, თუმცა არ იცის, ვისზე.

“არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შეიძლება ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მე ამას არ გამოვრიცხავ. მას ეს ხშირად აქვს სტატუსიდან, თანამდებობიდან და ყოფილი პროფესიიდან გამომდინარეც, მაგრამ ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარეკებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. ოპოზიციის საერთო სახელით მას ეს მანდატი არ ჰქონია და ამ ინტერვიუს მერე ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს.

ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს. იმიტომ, რომ მისი განსხვავებული აზრი არის მისი აზრი. მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100% და მისი პარტიის 99,9%. პატივს ვცემ ყველანაირ განსხვავებულ აზრს. მე მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის ადამიანურად ნაწყენი. მე ვფიქრობ, რომ ახლა არცერთი ადამიანის გარიყვის და დამუნათების დრო არ არის”, — განაცხადა უგულავამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა 10 ნოემბერს გაევრცელებინა ორი წერილობითი განცხადება მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე.

“ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძისვე აზრით, თუ მოლაპარაკებები არ დაიწყო და არ შეიცვალა არსებული ვითარება, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის. კითხვაზე, არსებობს თუ არა ნოემბრის ბოლომდე, ანუ მეორე ტურამდე ცვლილების შანსი, ვაშაძე პასუხობს:

“რაღაც უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ 2021 წელს ჩვენ თუ შევხვდით ერთპარტიული, ჩრდილოეთკორეული პარლამენტით, ჩვენ თუ შევედით მარგინალიზებული ოპოზიციით, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ბერკეტები არ დარჩება მოქალაქის დაცვის, და ჩვენ ყველა დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე გამოვჩნდებით როგორც საზოგადოება, რომელსაც თვითმმართველობა არ შეუძლია, ეს იქნება სრული კატასტროფა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი