ახალი ამბები

რუსთავში ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12 ნოემბერი, 2020 • 710
რუსთავში ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული შ.თ. და 2000 წელს დაბადებული ნ.თ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ქალაქ რუსთავში ყაჩაღურად თავს დაესხნენ კომპანია „აჭარა ფეის“ ფილიალს, ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით ამავე კომპანიის კუთვნილი – 35 500 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა შ.თ. და ნ.თ. მალევე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. უწყების თქმით, პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, გატაცებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი, ხმოვანი პისტოლეტი, ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი