ახალი ამბები

ნარკოტიკების დასამზადებლად ლაბორატორიის მოწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

12 ნოემბერი, 2020 • 676
ნარკოტიკების დასამზადებლად ლაბორატორიის მოწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინგან საქმეთა სამინისტრომ 1 200 000 ლარის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო დამზადების, მისი რეალიზაციისთვის და დასამზადებლად ლაბორატორიის მოწყობის ბრალდებით ერთი პირი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული წარმოადგენდა ნარკორეალიზატორთა ჯგუფს და ჩართული იყო ინტერნეტ-ნარკორეალიზაციისა და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების სქემაში. ა.ა. დროებით საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან ლაბორატორიული ინვენტარის გამოყენებით, ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“ და შემდეგ მის რეალიზაციას ინტერნეტით ახდენდა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ასევე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ე.წ. ნარკოლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ა.ა-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან 2.3 კგ “მეფედრონი” და მისი დამზადებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და შესაბამისი ლაბორატორიული ინვენტარი ამოიღეს. შსს-ს ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება შავ ბაზარზე 1 200 000 ლარია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და 266-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული კი ითვალისწინებს სასჯელს 6-დან 11 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი