ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს | სომხური მედია

11 ნოემბერი, 2020 • 3467
ერევანში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს | სომხური მედია

განახლება, 12 ნოემბერი: ვაჰაგნ ჩახალიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომეხი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი გაგიკ შამშიანი საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებს.  ჩახალიანის დაკავების შესახებ ცნობას ავრცელებს სომხური გამოცემა arevelk-იც, რომელიც ინფორმაციის წყაროდ დაკავებულის ახლო წრეს ასახელებს.

“დღეს, დაახლოებით დღის 11 საათზე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ორგანიზაცია კამშის (სურვილი, ნება) ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი”, – ამბობს შამშიანი საკუთარ პოსტში. გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რა ბრალდებით დააკავეს ჩახალიანი.

ჩახალიანი მონაწილეობდა ბოლო დღეებში სომხეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო გამოსვლებში, სადაც პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. იგი მონაწილეობდა პარლამენტის შენობის შტურმშიც, რა დროსაც სიტყვითაც გამოვიდა.

ვაჰაგნ ჩახალიანი იბრძოდა ყარაბაღის ომში. სამხედრო კონფლიქტის მიმდინარეობისას ქართულ და აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ, რაც საბოლოოდ მცდარი აღმოჩნდა.

ჩახალიანი წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდანაა. იგი საქართველოში ყოფნისას ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია “ჯავახკს”. ის 2009 წელს დააკავეს მასობრივ არეულობაში მონაწილეობის, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება- შეძენისთვის, ასევე, ხულიგნობისთვის და 10 წლით პატიმრობა შეუფარდეს. მან საპატიმრო 2013 წელს ამნისტიის შედეგად დატოვა.


10 ნოემბრის ღამეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ომის დამთავრების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სომხეთი თმობს აღდამის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებს. ასევე, ყარაბაღში ფუძნდება რუსული სამშვიდობო მისიაც. მიღებულ გადაწყვეტილებას სომხეთში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტებმა დაიკავეს პარლამენტისა და მთავრობის შენობები. 17 პარტიისგან შემდგარი კოალიცია ითხოვს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი