ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღის შეთანხმებას ეხმაურება

10 ნოემბერი, 2020 • 1008
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღის შეთანხმებას ეხმაურება

საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ  “აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს ხელს შეუწყობს”. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ომის დასრულების შესახებ, რასაც ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა და პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მეორე მხრივ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანის ისტორიული გამარჯვებაა.

შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას, აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე, სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

ტერიტორიების გადაცემა, რუსი მშვიდობისმყოფელები | რა წერია ბაქო-ერევნის შეთანხმებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი