ახალი ამბები

ტვ პირველი გადაცემის დაჯარიმებულ სტუმრებს გასაჩივრებაში დაეხმარება

10 ნოემბერი, 2020 • 873
ტვ პირველი გადაცემის დაჯარიმებულ სტუმრებს გასაჩივრებაში დაეხმარება

ტელეკომპანია „პირველი“ აპირებს, ჯარიმების გასაჩივრებაში დაეხმაროს თავისი გადაცემის სტუმრებს, რუსუდან გოცირიძესა და გოგი ხოჭოლავას, რომლებიც პოლიციამ 22 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის დააჯარიმა.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და სამოქალაქო აქტივისტი გოგი ხოჭოლავა 2 000-2 000 ლარით 9 ნოემბრის ღამით დააჯარიმეს. ისინი „ტვ პირველის“ ეთერში გუშინ საღამოს იყვნენ მიწვეულნი. ისინი ამბობენ, რომ ჰქონდათ ამავე ტელეკომპანიის მიერ გაცემული შესაბამისი საშვიც.

„არხი ვერ გაასაჩივრებს, თვითონ ამ ადამიანებმა უნდა გაასაჩივრონ, თუმცა ჩვენი ადვოკატი მათთან ხაზზეა და აუცილებლად გავასიჩვრებთ. საშვის ფორმატი დაიწუნეს, ზუსტად ანალოგიური ფორმატის საშვი იყო, რასაც გაზაფხულზე ვიყენებდით.

არანაირი ახალი ინსტრუქცია, რომ სხვა საშვი იყო საჭირო, არ გვქონია. ახლა კი დაგვიკონკრეტეს, რომ ასე კი არა, სხვაგვარად იყო საჭირო. ეს გვეცოდინება, თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ ადრე გავეფრთხილებინეთ და პირველივე დღეს არ მიეღოთ ეს ზომები“, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

ის ვარაუდობს, რომ პრობლემა იყო უშუალოდ ლოკაცია – რუსთაველის გამზირი, ხოლო საშვი კონკრეტულად პოლიციის იმ ეკიპაჟმა საკმარისად ვერ მიიჩნია. აბურჯანიძე ამბობს, რომ საშვი დაშვებული იყო სხვა სტუმრებზეც, თუმცა ჯარიმა მხოლოდ ამ ორს გამოუწერეს.

დღეს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თავად რუსუდან გოცირიძემ განმარტა, რომ გამზირზე არხის საშვითა და არხის მანქანით მიდიოდა. ის ჰყვება, რომ თავდაპირველად პატრუმლმა მანქანა გააჩერა და უთხრა, რომ რუსთაველამდე მანძილი ფეხით გაეგრძელებინათ. უკვე შემდგომ კი განუცხადეს, რომ საშვი არასაკმარისია – „გვითხრეს, რომ მითითებული უნდა ყოფილიყო, გეოგრაფიულად სად მდებარეობდა სტუდია“.

„ეს იყო ძალის დემონსტრირება“ ,- ამბობს ის.

“შინაარსობრივად არაკონსტიტუციური”- რა განასხვავებს “წერტილოვან შეზღუდვას” კომენდანტის საათისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი