ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტის სპიკერი მანქანიდან გადმოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

10 ნოემბერი, 2020 • 1747
სომხეთის პარლამენტის სპიკერი მანქანიდან გადმოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

დემონსტრანტები, რომლებიც ერევნის ქუჩებში ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოვიდნენ, სომხეთის პარლამენტის სპიკერის, არარატ მირზოიანის ავტომობილს თავს დაესხნენ, დაუპირისპირდნენ მისი დაცვის წარმომადგენლებს და მირზოიანი მანქანიდან გადმოათრიეს.

ინფორმაციას Ria Novosti ავრცელებს. თავდამსხმელები პარლამენტის თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ წუთებში [04:30] ნიკოლ ფაშინიანი მიმართავს მოქალაქეებს. მის სიტყვას „ნეტგაზეთი“ მალევე შემოგთავაზებთ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას, რომ ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან, მოსკოვის შუამავლობით, ერევანში პროტესტი მოჰყვა.

მოქალაქეები ფაშინიანის განცხადებიდან რამდენიმე წუთში გავიდნენ ქუჩაში და მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები სკანდირებენ: „ჩვენ ამ მიწას არ დავთმობთ“. დემონსტრანტები სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ.

ქუჩაში ათასობით მოქალაქეა გასული. ასევე, მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციელი.

ერევანში დემონსტრანტები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი