ახალი ამბები

ზოგიერთი მოქალაქე პროტესტს ხმაურით, სახლიდან გამოხატავს[ვიდეო]

10 ნოემბერი, 2020 • 1745
ზოგიერთი მოქალაქე პროტესტს ხმაურით, სახლიდან გამოხატავს[ვიდეო]

ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელმაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მისვლა ვერ შეძლო, პროტესტი თავისივე სახლიდან, ხმაურით გამოხატა. სოციალური ქსელით დაგეგმილ აქტივობაში ადამიანები 22:00 საათზე ჩაერთნენ. სწორედ ამ დროს ამოქმედდა მოძრაობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რუსთაველის გამზირზე კი დაიწყო აქცია, სახელწოდებით “დაუმორჩილებლობა”, რომლის მონაწილეებიც სახელმწიფოს ამ ნაბიჯს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

ხმაური პროტესტის პოპულარული ფორმაა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, რომელსაც, როგორც წესი, მოქალაქეები მაშინ მიმართავენ, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო საცხოვრებელი სახლის დატოვება არ შეუძლიათ. ახლო წარსულში ასე აპროტესტებდნენ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მიდგომებს კორონავირუსთან დაკავშირებით ბრაზილიაში, ყოფილ მეფესთან დაკავშირებულ სკანდალს ესპანეთში თუ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას თურქეთში.

საქართველოში პროტესტის ეს ფორმა ახალია და 9 ნოემბრის აქტივობაც მასშტაბური არ ყოფილა. თუმცა იდეის ავტორი “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ აღნიშნული აქტივობა ერთჯერადი არ იქნება.


“დემოკრატიული გზით, საარჩევნო ყუთებთან დაფიქსირებული ჩვენი ხმები მოიპარეს იმის იმედად, რომ პანდემიის პირობებში ხალხი მოერიდებოდა საპროტ ესტო აქციების გამართვას. თუმცა პროტესტის ბევრი ფორმა არსებობს.

პროტესტის ეს ფორმა იმით არის კარგი, რომ მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც პროტესტის გამოხატვა უნდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უერთდება ფიზიკურ დემონსტრაციებს”, – აღნიშნავს ანა გაბელაია, რომელიც არის ორგანიზატორი ონლაინ ღონისძიების, “შემოუერთდი პროტესტს სახლიდან”.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროტესტი 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პროცესმა მასშტაბური გაყალბების ფონზე ჩაიარა და კენჭისყრა ხელახლა უნდა გაიმართოს. აქცია პარლამენტის წინ ჩატარდა 9 ნოემბერსაც. სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს ამ დრომდე განაგრძობენ და არ აპირებენ, დაემორჩილონ მთავრობის რეგულაციას, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებას კრძალავს.

რუსთაველის გამზირზე აქცია 22:00 საათის შემდეგაც გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი