ახალი ამბები

ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ აქციაზე დარჩეს — მელია

9 ნოემბერი, 2020 • 1061
ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ აქციაზე დარჩეს — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ღამის 10 საათის შემდეგაც დარჩება, თუმცა აქციის მონაწილეებს დარჩენას ვერ დაავალდებულებს.

მისი თქმით, “რეჟიმმა ისეთი მოცემულობა” შექმნა, რომ აქციაზე დარჩენა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.

მელიას თქმით, შაბათს, 14 ნოემბერს, სამ საათზე ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას მართავს და ენერგია ამ აქციისთვის უნდა შემოინახონ.

“მაგრამ გვინდა, რომ ენერგია შემოგანახინოთ თქვენ, გვინდა, რომ იყოთ ჯანმრთელები და მხნედ, მათ შორის, შაბათის დღისთვის. ამიტომ ვერც ერთ თქვენგანს მე ვერ დავავალდებულებ, რომ აქ დარჩეთ. სწორად გამიგეთ, მე, ბუნბრივია, აქ დავრჩები მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დარჩეთ. თუ არ დარჩებით, ამით თქვენ ჩვენც შეგვიმსუბუქებთ ცხოვრებას, იმიტომ, რომ საკმარისად დავრჩებით, ბავშვები, ახალგაზრდები რჩებიან, ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ”, — განაცხადა მელიამ.

ამასთან, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” უარს ამბობს, დაემორჩილოს 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც დღეიდან, 9 ნოემბრიდან ამოქმედდება, და 22:00 საათიდან აქციას, სახელწოდებით “დაუმორჩილებლობა” გამართავენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, 7 ნოემბერს განაცხადა. რეგულაცია ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. ის გავრცელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში.

მთავრობა აღნიშნულს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ხსნის. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა,“ეს არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გადაადგილების შეზღუდვა”. მისივე თქმით, 2 000 ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირი, რომელიც რეგულაციას დაარღვევს

მასალების გადაბეჭდვის წესი