ახალი ამბები

ხმაური ფანჯრებიდან – მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სახლიდან შეუერთდებიან

9 ნოემბერი, 2020 • 1225
ხმაური ფანჯრებიდან – მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სახლიდან შეუერთდებიან

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელიც 9 ნოემბერს რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ვერ უერთდება, არჩევნების შედეგებს სახლიდან გააპროტესტებს.

ღონისძიება სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

“ძალიან ბევრ ჩვენგანს გვინდა, რომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება გაყალბებული არჩევნებისადმი – დავიცვათ საკუთარი ხმები. პანდემიისა თუ სხვა მიზეზების გამო, აქციაზე მისვლას ყველა ვერ ვახერხებთ, არადა, თითოეული ჩვენთაგანის პოზიცია აუცილებლად და მკაფიოდაა გამოსახატი! შემოუერთდით პროტესტს სახლიდან! დღეს, ორშაბათს, 22:00-ზე, გამოხატეთ თქვენი პოზიცია სახლების აივნებიდან, ფანჯრებიდან, ეზოებიდან. მოიმარჯვეთ ხმაურა ნივთები (დაცდილია ქვაბები და ხის კოვზები, ჯამები, ქვაბის თავსახურები) და იხმაურეთ! გავაგონოთ რამდენი ვართ!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

სამართალდამცველების მიერ წყლის ჭავლის ორგზის გამოყენების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა ცესკოსთან აქციის დაშლის შესახებ განაცხადეს და მორიგი საპროტესტო მანიფესტაცია 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტთან დააანონსეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი