ახალი ამბები

არ ვიქნებოდი წინაპირობების დაყენების მომხრე — ხვიჩია ხელისუფლებასთან დიალოგზე

9 ნოემბერი, 2020 • 767
არ ვიქნებოდი წინაპირობების დაყენების მომხრე — ხვიჩია ხელისუფლებასთან დიალოგზე

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ არჩევნების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შედგება, ერთმანეთს წინაპირობების გარეშე უნდა დაელაპარაკონ.

ხვიჩიას თქმით, თავიდანვე წინაპირობების დაყენება მოლაპარაკებების პროცესს ძაბავს.

“ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ, თუ პირდაპირი საუბარი არ შეგვიძლია, ჩვენი მეგობრების მეშვეობით. რაც შეეხება პირობებს, მე არ ვიქნებოდი წინაპირობების დაყენების მომხრე, მოდით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ წინაპირობების გარეშე. თუ რამე გამოჩნდა და გამოჩნდა, იქ დესტრუქცია ხდება  ვიღაცის მიერ, მერე აღმოვფხრათ დესტრუქციული პირობები, ვიდრე თავიდანვე წინაპირობებით ვილაპარაკოთ, რომელიც მოლაპარაკების პროცესს ძაბავს”, — განუცხადა ხვიჩიამ “რუსთავი 2-ს”.

ოპოზიციასთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ პროცესებმა ქუჩიდან პოლიტიკურ პლატფრმებზე უნდა გადმოინაცვლოს.

“ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა,” – აცხადებს გახარია.


ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი