ახალი ამბები

კომპანია “დელისიას” თანამშრომლებმა გაფიცვა დაიწყეს

9 ნოემბერი, 2020 • 1071
კომპანია “დელისიას” თანამშრომლებმა გაფიცვა დაიწყეს

კომპანია “ქართული სახლის” (დელისიას) თანამშრომლებმა გაფიცვა დაიწყეს. როგორც გაფიცვის მონაწილეები აცხადებენ, დასაქმებულების შრომა მძიმე და არასაკმარისად ანაზრაურებადია, ხელფასების ჩარიცხვა კი თვეობით უგვიანდებათ:

“აღნიშნული კომპანიის პროდუქტს თქვენ ქართულ სუპერმარკეტებში შეხვდებით. გასაყიდი სივრცეები ძირითადად მოწყობილია კარფურის დარბაზებში. აქვე შეხვდებით დასაქმებულებს, რომელთა შრომაც ძალიან მძიმე, მავნე და არასაკმარისად ანაზღაურებადია. ყოველივე ამ სიმძიმეს თან ემატება დამსაქმებელთა უპასუხისმგებლობითა და სიხარბით გამოწვეული კანონის არაერთი დარღვევა და ხელფასების ჩარიცხვის თვეობით დაგვიანება”, – ამბობენ გაფიცვის მონაწილეები.

დასაქმებულების თქმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, დასაქმებულებმა და პროფკავშირებმა მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვეს მედიატორის დანიშვნა.

მათი თქმით, დასაქმებულების თვითმიზანი არ ყოფილა გაფიცვა – ისინი დამსაქმებლისგან მოითხოვდნენ შრომის კანონმდებლობის მინიმალური სტანდარტების დაცვასა და ადამიანის ღირსებისთვის შესაფერის მოპყრობას:

“ამის ნაცვლად, მედიაციის პროცესი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა – შპს „ქართულმა სახლმა“ (დელისიამ) სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით”, – აცხადებენ დასაქმებულები.

გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ  განთავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, ხელფასის 49%-ის დაბრუნებას და ღირსეულ შრომის პირობებს, ყოველგვარი უკანონო ჯარიმებისა და დანაკლისების გარეშე.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიასთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა მითითებულ ნომერზე მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი