ახალი ამბები

ექიმებს თავი დაგვანებეთ, ნუ გვრთავთ პოლიტიკაში – გამყრელიძე

9 ნოემბერი, 2020 • 690
ექიმებს თავი დაგვანებეთ, ნუ გვრთავთ პოლიტიკაში – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მედიასა და საზოგადოებას, რომ ექიმები პოლიტიკურ პროცესებში არ ჩართონ.

გამყრელიძე აცხადებს, რომ ექიმები, მათ შორის, თავადაც, აპოლიტიკური პიროვნებები არიან, შესაბამისად, პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე კითხვებზე პასუხს ვერ გასცემს.

ეს განცხადება უკავშირდება გუშინ ტელეკომპანია “მთავარის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, სადაც გამყრელიძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ცესკოსთან აქციის დროს ჭავლის გამოყენებასა და ცივ ამინდში მოქალაქეთა წყლით დასველებასთან დაკავშირებით, გამყრელიძემ კი უპასუხა, რომ პოლიტიკურ კომენტარს არ გააკეთებდა.

„ჩვენ, ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები, მეც მომცეს ეს შეკითხვა გუშინ და ამან გამოიწივა საკმაოდ.. „გაისეირნეს“ საღამოს ჩემზე კარგად. მეც მომცეს ეს კითხვა, ჩვენ, ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები.

ჩვენ ჩართულები ვართ ყველაზე წინა ხაზზე ამ უზარმაზარ გამოწვევასთან, რომელიც ხდება საუკუნეში ერთხელ. მე ტყუილად არ გისახელებთ ამ ციფრებს, 1.2 მლნ ადამიანია გარდაცვლილი, საქართველოში კი- 500-მდე გარდაცვლილი. პანდემია არ ჩერდება, ექიმებს თავი დავანებოთ, პოლიტიკაში ნუ ვრთავთ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ამიტომ პოლიტიკური ქვეტექსტებითა და პასაჟებით დასმული კითხვები ..“, – აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ის არ მალავს, რომ დიდი შეკრებები პანდემიასთან აქტიურ ბრძოლაზე ცუდად მოქმედებს.

„პირდაპირ გეტვყით, პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას. მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს ქვეყანაში, იმიტომ, რომ პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესია და ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას მომავალი 4-5- წლის განმავლოაბში, როგორი პარლამენტი იქნება, როგორ დაკომპლექტდება, როგორი მსჯელობა იქნება, როგორ ახალ კანონებს მიიღებენ. ამ პროცესს ვერავინ გააჩერებს, მაგრამ, მეორე მხრივ, დაგვანებეთ ექიმებს თავი, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ“, – ამბობს ის.

გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მას შეურაცხყოფა მიაყენა.

„ჩემდამი კითხვა დასმული იყო ზუსტად პოლიტიკური ქვეტექსტით. რა უნდა მეთქვა? არ გავეცი ამაზე პასუხი. მერე ცუდი განმარტებები გააკეთა. იცის ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მე მას. ერთ უბრალო ქართულ ანდაზას ვიხმარ – ვიღაცისგან წიხლი არ არის საწყენიო. ასე შევუთვლი დღეს, რაც მან გუშინ საღამოს იკადრა ჩემ მიმართ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვერევი პოლიტიკაში. ვპასუხობ ამ კითხვაზე.. განა არ შემიძლია?! შემიძლია, რა თქმა უნდა. მე მაქვს პოლიტიკური სერიოზული გამოცდილება. მაგრამ დღეს მე ვარ აპოლიტიკური პიროვნება, ჩემთვის დღეს მთავარია ქვეყანა, მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამისთვის ვდგავარ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

„მოსახლეობის ჯანმრთელობას ამ შემთხვევაში – რესპირაციულ ვირუსს და რესპირაციული ვირუსის სეზონზე- სიცივეც, თოვლიც, წყალიც ხელს უშლის და ხელს უშლის ის დიდი შეკრებები, რაც ხდება, ყველაფერი ერთად აღებული“, – ამბობს გამყრელიძე.


გუშინ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომლის დროსაც ჟურნალისტმა ორივე მათგანს, თენგიზ ცერცვაძესა და ამირნა გამყრელიძეს- ცესკოსთან აქციის დაშლის დროს წყლის ჭავლის გამოყენების მიზანშეწონილობაზე ჰკითხა.

ჟურნალისტმა გამყრელიძეს ჰკითხა, ნოემბერში წყლის ჭავლის გამოყენება ხომ არ შექმნიდა საფრთხეს მომიტინგეთა ჯანმრთელობისთვის.

„ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, მე მკითხეთ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია. რასაც თქვენ მეკითხებით, ეს სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა. მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებთ“, – ამბობს გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი