ახალი ამბები

რთული იყო იმის განსაზღვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი – საბანაძე

9 ნოემბერი, 2020 • 867
რთული იყო იმის განსაზღვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი – საბანაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე ამბობს, რომ აქციის დაშლის პროცესში რთულია განსაზღვრო სად დგანან მედიის წარმომადგენლები. ასე უპასუხა საბანაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან წყლის ჭავლით დაშლილ მედიის წარმომადგენლებს, რად დროსაც ზოგიერთი მათგანი დაშავდა.

“წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართ საფრთხე. იმის განსაზღვრა სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ აქციის მართვის პროცესში რთული იყო, თუმცა დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა. წყლის ჭავლი მხოლოდ და მხოლოდ გამოყენებული იქნა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც პოლიციელებზე ძალადობდნენ და ცესკოს შენობაში უკანონოდ შეჭრას ცდილობდნენ,”-აცხადებს საბანაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 19 პირი დააკავა. „პოლიციამ 8 ნოემბერს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისა საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე 19 პირი დააკავა,“ – ამბობს საბანაძე და ამატებს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ეს მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

8 ნოემბერს პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა დემონსტრანტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რა დროსაც არაერთი მედიის წარმომადგენელი დაშავდა.  ტვ “პირველის” ოპერატორს თვალის ოპერაცია დაჭირდა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ პოლიცია მიზანმიმართულად უმიზნებდა წყლის ჭავლს მედიის წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი