ახალი ამბები

7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან — სააკაშვილი

9 ნოემბერი, 2020 • 812
7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება 8 ნოემბერს ცესკოსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციის წყლის ჭავლით დაშლას. სააკაშვილი ახსენებს მათ, ვინც ძალის გამოყენებას მისი მმართველობის დროინდელი პრეცედენტებით ხსნიან, რომ 7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ გადადგა.

“ახლა, რასაც ისინი შვრებიან, დაიწყეს ძალის გამოყენება და თან ამას ამართლებენ ისტორიული პრეცედენტებით. “იმედზე” ატრიალებენ 7 ნოემბრის კადრებს. მე მინდა ყველას შევახსენო, 7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ მოაწყვეს 20 ივნისი და გახარია დააწინაურეს.

მე მინდა შევახსენო ყველას, ვისაც ისტორია არ ახსოვს, 2012 წელს მე სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება. ენმ-მ წააგო არჩევნები და ჩვენ გადავეცით ძალაუფლება. ივანიშვილმა ახლა წააგო არჩევნები და ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას და აპირებს ძალადობით შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება. არ გამოუვა! რაც უფრო მეტად შეეცდება ამას, მით უფრო ცუდად დაამთავრებს”, — ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი