ახალი ამბები

ცესკოსთან პოლიციის მიერ ძალის გამოყენება არაკონსტიტუციურია | GDI

9 ნოემბერი, 2020 • 1014
ცესკოსთან პოლიციის მიერ ძალის გამოყენება არაკონსტიტუციურია | GDI

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” შეშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ფაქტის გამო და მომხდარს უკანონოსა და არაკონსტიტუციურს უწოდებს.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 2020 წლის 8 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო სრულიად უკანონო და საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა.

“ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური საშუალებების გამოყენებას გააჩნია კონკრეტული წინაპირობები და მკაცრი სტანდარტი, რომელთა ზედმიწევნით დაცვაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით წყალსატყორცნის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი ის მიემართება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღკვეთას ან სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოგერიებას.

პოლიცია ასევე ვალდებულია, რომ  იძულების ღონისძიება გამოიყენოს პროპორციულად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას, ამასთან, – არ გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან. აღსანიშნავია, რომ ამავე კანონით პოლიციას ეკისრება ვალდებულება, წყალსატყორცნის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი და მისცეს გონივრული ვადა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად”, – აცხადებს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”.

ორგანიზაციისვე შეფასებით, გუშინ განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულება და წინაპირობა დაარღვია.  კერძოდ:

  • ცესკოს მიმდებარე ტერიტორაზე გამართული აქციის დინამიკა არცერთ ეპიზოდში არ შეიცავდა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროებას, ვინაიდან სახეზე არ იდგა არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობა. აქცია მთლიანობაში მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და არ შეინიშნებოდა მართლწესრიგის მასობრივი დარღვევა ან ცესკოს შენობაზე ჯგუფური თავდასხმის განზრახვა;
  • პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენების პირველ ეპიზოდში არ გააფრთხილა შეკრებილი ადამიანები აღნიშნულის შესახებ და ყოველგვარი გონივრული დროის მიცემის გარეშე დაიწყო მოქმედება, რაც უხეშად არღვევს როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს;
  • შემაშფოთებელია ის, თუ როგორ და რა პირობებში მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, რამაც აქციის მონაწილეებს შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებული წყლის ნაკადით დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპერატორები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავებმა არ დაიცვეს სპეციალური საშუალების გამოყენების წესი და, ამავდროულად, ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს საქმიანობის შესრულებაში;
  • ამასთან, გასათვალისწინებელია ცივი კლიმატური პირობები და შექმნილი ეპიდსიტუაცია, რომელიც ასევე უგულებელყო სახელმწიფომ სპეციალური საშუალების გამოყენებისას.
  • ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყლის ჭავლთან ერთად პოლიციამ გამოიყენა სპეციალური აირი, რომელიც წვავს თვალებს. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში გაუგებარია აღნიშნული საშუალების გამოყენების აუცილებლობაც.

ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს აქციის მონაწილეების მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა.


გუშინ ცესკოს შენობის წინ გამართულ აქციაზე, სადაც შეკრებილი მოქალაქეები საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას გადადგომასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. პოლიციამ ორჯერ გამოიყენა წყლის ჭავლი შეკრებილების წინააღმდეგ. პირველ შემთხვევაში წყლის ჭავლის გამოყენებას წინ არ უძღოდა გაფრთხილება. აქციაზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს-მ მოგვიანებით გაკეთებულ ბრიფინგზე აღნიშნული უარყო. გუშინდელ აქციაზე წყლის ჭავლის ზემოქმედების დროს დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის, ჟურნალისტებიც. ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მომხდარი პროპორციული ძალის გამოყენებად შეაფასა.

ფოტოზე: აქციის დაშლა ცესკოსთან. 8 ნოემბერი, 2020. ფოტო: EMC

 

მასალების გადაბეჭდვის წესი