ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერების ცნობით, მომიტინგეები ღამით ცესკოსთან დარჩენას აპირებენ

9 ნოემბერი, 2020 • 1049
ოპოზიციის ლიდერების ცნობით, მომიტინგეები ღამით ცესკოსთან დარჩენას აპირებენ

საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები შენობასთან დარჩენას და პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ნეტგაზეთს განუცხადეს.

ნიკა მელიას განცხადებით, ისინი არ იშლებიან და პროტესტს გააგრძელებენ მანამ, სანამ არ შესრულდება ოპოზიციის მოთხოვნები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის საკითხიც.

“აქ ჟვანია აღარ უნდა აყალბებდეს. ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, რათა აღარავინ აღარ აყალბებდეს არჩევნებს და ამ ადამიანს [თანარ ჟვანიას] მოუწიოს სახლში დასვლა და ახალი არჩევნები ჩატარდეს. ამიტომ აქ ვართ, არავინ არ მივდივართ და ბრძოლა ბოლომდე.” – მიმართა მელიამ აქციაზე შეკრებილებს.

აქციაზე დარჩენას აპირებს ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშიას კიდევ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძეც, რომლის განცხადებითაც, ისინი ხვალ, 22 საათის შემდეგაც აპირებენ აქციის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ახალი რეგულაციების ამოქმედებას აპირებს. დეკანოიძს თქმით, დღეს ღამით აქციაზე რჩებიან ლიდერებიც.

ცესკოს შენობის წინ ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები. ისინი თამარ ჟვანიას გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

დღეს პოლიციამ ცესკოს შენობასთან გამართულ აქციაზე შეკრებილების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. მანამდე მომიტინგეთა ნაწილი ქვებს ურტყამდა ცესკოს წინ აღმართულ რკინის ჯებირს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გაზის გამოყენების ფაქტი უარყვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების მიზნობრიობა და კანონიერება. წყლის ჭავს არ უძღვოდა წინ გამაფრთხილებელი განცხადება პოლიციის მხრიდან. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიცია მომიტინგეებს ვერ გააფრთხილებდა, რადგან მყისიერ რეჟიმში უწევდა მოქმედება.

მასალების გადაბეჭდვის წესი