ახალი ამბები

ქარტია შსს-ს მოუწოდებს, ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს

8 ნოემბერი, 2020 • 649
ქარტია შსს-ს მოუწოდებს, ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სამართალდამცავებმა დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები.

როგორც ქარტიის განცხადებაშია ნათქვამი, 2020 წლის 08 ნოემბერს, ცესკოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო ხმამაღალი, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

“ჟურნალისტების ინფორმაციით, ადგილზე დგას მძაფრი, სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზის სუნი, რის გამოც ტერიტორიაზე გაჩერება და მუშაობა რთულია. “რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავდა მათი ოპერატორი, დაზინებულია მაუწყებლის კამერაც”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცესკოსთან ცრემლსადენი გაზის გამოყენებას უარყოფს.
დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებს ცესკოს შენობასთან მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.

ცესკოსთან გაფრთხილება სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ მხოლოდ წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ გაჟღერდა. ასევე, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი