ახალი ამბები

საოლქოს თავმჯდომარის გარდაცვალება: “ოცნების” ბრალდებები და ენმ-ის პასუხი

7 ნოემბერი, 2020 • 1075
საოლქოს თავმჯდომარის გარდაცვალება: “ოცნების” ბრალდებები და ენმ-ის პასუხი

“ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და ამავე კონტექსტში საუბრობს ისნის კომისიის თავმჯდომარეზე, რომელიც 7 ნოემბერს გარდაიცვალა. საპასუხო ბრიფინგზე, ენმ-ში “ოცნების” განცხადებებს “ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობა” უწოდეს და აღნიშნეს, რომ პარტია თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალებას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს.

“ქართული ოცნების” ოფისში 7 ნოემბერს გამართული ბრიფინგი სწორედ თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საკითხზე საუბრით დაიწყო. პარტიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა, მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო, შემდეგ კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კომისიის თავმჯდომარის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა.

“ჩვენი ინფორმაციით, გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, დაუყოვნებლივ აღძრას სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით”, – თქვა ხელაშვილმა.

საპასუხო ბრიფინგზე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, ასევე მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გობეჯიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, აღნიშნულზე განცხადების გაკეთებას არ აპირებდა, რომ არა “ქართული ოცნებიდან” გახმიანებული ბრალდებები.

მან ხელაშვილი და სხვები “ბიძინა ივანიშვილის მონებად” მოიხსენია და პარტია ზემოხსენებული ბრალდებების გამო გააკრიტიკა.

“ის, რაც იკადრეს და რასაც კადრულობენ “ქართული ოცნების”, კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის მონები, სცდება ყოველგვარ ზღვარს და არის ფსკერზე უფრო ქვემოთ… დღეს, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უამრავ ადამიანზე, კომისიის წევრზე, ჩვეულებრივ მოქალაქეზე ზეწოლის შემდეგ, გამოდიან და ყოფნით იმის თავხედობა, ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ”, – აღნიშნა მან.

“ცესკოს” ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში “მოულოდნელად გარდაიცვალა”. საარჩევნო ადმინისტრაცია უსამძიმრებს თედორე გობეჯიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს.

გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი – ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი