ახალი ამბები

ფარულ ჩანაწერებზე სამადაშვილი დიპლომატებს მიმართავს

6 ნოემბერი, 2020 • 3254
ფარულ ჩანაწერებზე სამადაშვილი დიპლომატებს მიმართავს

უკრაინული საიტი “obozrevatel” ორ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელთაგან ერთი, გამოცემის ცნობით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის შედგა, მეორე კი, დეპუტატ სალომე სამადაშვილსა და უცნობ პირს შორის. obozrevatel-ზე დაყრდნობით, ჩანაწერები, რომელთა აუთენტურობა დადგენილი არ არის, “იმედმა” გაავრცელა.

უკრაინული გამოცემა წერს, რომ ალასანია-სანიკიძე ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების გეგმაზე საუბრობენ, სინამდვილეში აუდიოჩანაწერში ოპოზიციის მიერ ძალადობრივ გადატრიალებაზე საუბარი არ არის. განიხილება სამოქმედო გეგმა, რომელიც გამოცემის მიერ თემურ ალასანიად იდენტიფიცირებული პირის თქმით, უნდა იყოს შემდეგი:

  • არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას
  • სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა
  • არავითარი დიალოგი და კოოპერაცია, გაწყდეს კავშირი ხალხსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის
  • დროებითი მთავრობის შექმნა
  • მიმართვა მსოფლიოს, რომ არ ვითხოვთ მხარდაჭერას, მაგრამ გაცნობებთ, რომ სახალხო კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება

სავარაუდოდ, გუბაზ სანიკიძე პასუხობს, რომ მის მიერ “ლეიბორისტების” ოფისში ოპოზიციისთვის შეთავაზებული გეგმაა, მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი და ულტიმატუმის დაყენება.

obozrevatel-ის მიერ გამოქვეყნებულ მეორე აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, სალომე სამადაშვილი გამოთქვამს უკმაყოფილებას ენმ-ში განვითარებული პროცესების და სიის ფორმირების საკითხზე; ამბობს, რომ “ოცნების” რამდენიმე ახალი სახე არის დასავლეთში განათლებული კადრი, “ამათმა კი [იგულისხმება ენმ] სიაში უნდა ჩაწერონ: დილარ ხაბულიანი, კახა ოქრიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი, და-ძმა ჩხეიძეები, კლოუნი მაჭუტაძე, გუბაზ სანიკიძე, მურმან დუმბაძე”. მისი თქმით, თვითონ უარს იტყვის ასეთ “კოშმარ სიაში” ყოფნაზე, რომელსაც ხმას თვითონაც ვერ მისცემს, რადგან ყოველთვის ემხრობოდა ახალი სახეების მოყვანას, რის ნაცვლადა პარტია “სხვების ნაგვის შესუნთქვით არის დაკავებული”.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სალომე სამადაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ჩანაწერი სხვადასხვა საუბრების კომპილაციაა, მისი შინაარსის განხილვა კი არ ისურვა. სალომე სამადაშვილი აპირებს, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება უკანონო მოსმენებს ახორციელებს.

“ჩვენს სახელმწიფოში ადამიანის კონსტიტუციური უფლების დარღვევით მიმდინარეობს ფარული მიყურადება და ჩაწერა. ეს დაადასტურა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამ. აქედან მხოლოდ ეს შეიძლება დავასკვნათ, ვიდრე ის, ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერი. ეს არის კომპილაცია სხვადასხვა ჩანაწერების, რომელიც ხორციელდება და ადასტურებს იმას, რომ ჩემზე (და ალბათ, არ ვარ ერთადერთი) ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩაწერა, მათ შორის, სავარაუდოდ, საჯარო შეხვედრის ადგილებზე. ფაქტობრივად, ტოტალიტარულ სახელმწიფოში გავიღვიძეთ, სადაც ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ არჩევანის უფლებას ართმევს ადამიანებს, არღვევს ადამიანის უფლებას პირად სივრცეზე. ამის შესახებ აუცილებლად საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა დიპლომატიურ მისიას, ვაცნობებ ევროპარლამენტს, მათ, ვინც ვაშინგტონში მუშაობს საქართველოზე”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ჩანაწერები რეალურად “ქართული ოცნების” გავრცელებულია და არა – უკრაინულ ვებსაიტის.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გუბაზ სანიკიძესაც, თუმცა მან საუბარი არ ისურვა. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი