ახალი ამბები

საჩივრები მასობრივად მას შემდეგ შეიტანეს, რაც პირველადი შედეგებით “ოცნება” იგებდა — მდინარაძე

6 ნოემბერი, 2020 • 777
საჩივრები მასობრივად მას შემდეგ შეიტანეს, რაც პირველადი შედეგებით “ოცნება” იგებდა — მდინარაძე

“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარეძე ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრები “მასობრივად” მას შემდეგ შევიდა, რაც ოპოზიციამ ნახა, რომ პირველადი შედეგებით “ქართული ოცნება” იგებდა.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ გამართულად და დემოკრატიულად ჩატარდა, ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დარღვევებთან დაკავშირებით მინიმალური რაოდენობის საჩივრები შემოვიდა. საჩივრები კამპანიურად, მასობრივად იქნა შეტანილი ცესკოში მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში აშკარა უპირატესობა ჰქონდა”, — აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, კანონიერი პროცედურების დაცვით შედგენილი ასეული საჩივრიდან უმეტესობა ერთსა და იმავე ფაქტს ეხებოდა და “უბრალოდ, სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან იყო ეს საჩივრები შეტანილი”.

“ამ საჩივრებით არასმათავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა ასამდე პრობლემატური უბანი, რისი დაზუსტება და გარკვევაც ვერ მოხდა ოქმებით. ცესკომ მიიიღო ამასთან დაკავშირებით  უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დღეის მდგომარეობით 19 ასეთი უბანი იქნა გადათვლილი”, — ამბობს ის.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ზოგიერთი უბნის გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხმები “ქართულ ოცნებას” ჰქონდა დაკლებული.

“გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, მით უმეტეს, რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისათვის, ასეთი არ დაფიქსირებულა. მეტიც, გადათვლის შედეგად მმართველი პარტიის შედეგები მცირედით გაუმჯობესდა კიდეც.

მაგალითად, ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხმები დაკლებული. გადათვლას ესწრებოდნენ და პრეტენზიები არ განუცხადებიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც პარალელურად საოლქო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგს და დესტრუქციას აწყობდნენ”, — განაცხადა მან.

75 საჩივრიდან ბათუმის საოლქომ მხოლოდ იმ უბნის გადათვლა გადაწყვიტა, სადაც ენმ იგებდა.  ხმების გადათვლის მოთხოვნით შედგენილი ათობით საჩივრის დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიამ კატეგორიული უარი თქვა.

ოპოზიიცისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აღმოჩენილია რამდენიმე ასეული ოქმი, რომლებიც დისბალანსზე და ხმების ხელახალ გადათვლაზე მიუთითებს. რამდენიმე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო მხოლოდ იმ უბანს გადათვლის, სადაც ენმ იგებს

მასალების გადაბეჭდვის წესი