ახალი ამბები

3058 ხმა უბანზე, სადაც 795 ამომრჩეველი მივიდა – რა მოხდა?

5 ნოემბერი, 2020 • 1580
3058 ხმა უბანზე, სადაც 795 ამომრჩეველი მივიდა – რა მოხდა?

ბათუმის მე-19 საარჩევნო უბანზე, ერთ-ერთი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 795 ამომრჩეველი მივიდა, თუმცა ამავე დოკუმენტში პოლიტიკური სუბიექტების გასწვრივ მითითებულ ხმათა რაოდენობის ჯამი, ბათილი ბიულეტენების გამოკლებით, 3058-ს უდრის. აღნიშნული უბნის შედეგები ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 ნოემბერს გადათვალეს. ახსნა-განმარტების წერილში კომისიის თავმჯდომარე მომხდარს დაძაბული სამუშაო გარემოთი ხსნის და აღნიშავს, რომ 4 ოქმის მონაცემები შეცდომით გააერთიანეს 1 ოქმში.

ოქმის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, რომლის წარმომადგენელიც 5 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა. საარჩევნო სუბიექტების გასწვრივ არსებულ გრაფებში თავდაპირველი რიცხვები წერია, გრაფების მარცხნივ, ლურჯი კალმით კი – გადათვლის შედეგად მიღებული რიცხვები.

ფოტო: საია

ფოტო: საია

ხმების გადათვლას შედეგი არ შეუცვლია: უბანზე “ნაციონალური მოძრაობა” იმარჯვებდა გადათვლამდეც და მას შემდეგაც. თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა რიცხვები, რომლებიც სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა ოდენობას ასახავს. მაგალითად, თავდაპირველი მონაცემებით, “ნაციონალურ მოძრაობას” 1108 ხმა აქვს მიღებული, გადათვლის შემდეგ კი ეს რიცხვი 269-მდე შემცირდა. “ქართული ოცნების” თავდაპირველი შედეგი 1021 ხმაა, თუმცა რიცხვი ასევე შეიცვალა გადათვლის შემდეგ და 264 გახდა. მონაცემები სხვა პოლიტიკური სუბიექტების შემთხვევაშიც შემცირდა.

ამასთან, თავდაპირველი დათვლით, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში 106 ბიულეტენი იყო გაბათილებული. გადათვლის შემდეგ კი ეს მონაცემი 24-მდე დაეცა. იგივე მოხდა დანარჩენი სამი ოქმის შემთხვევაშიც.

ბათუმში ამომრჩევლები 4 ბიულეტენს იღებდნენ: ორს საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორს – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. შესაბამისად, კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ, 4 ოქმი დგება. ახსნა-განმარტების წერილში კომისიის თავმჯდომარე და მისი მდივანი აღნიშნავენ, რომ ოქმების მონაცემები შეცდომით გააერთიანეს.

“მოგახსენებთ, რომ დაძაბული სამუშაო გარემოს გამო, გადაღლილობის ნიადაგზე, დავუშვით სხვადასხვა ტექნიკური შეცდომები. კერძოდ: საქართველოს პარლამენტის პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმები მივამატეთ ოთხივე შემაჯამებელი ოქმის ხმების დაჯამების საფუძველზე. ასევე, ამ და სხვა ოქმებში ბათილად მიჩნეული ბიულეტენების რაოდენობა შევიტანეთ ოთხივე ოქმის შეჯამების მიხედვით”, – აღნიშნავენ ისინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი