ახალი ამბები

დოლიძე საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესს ბოიკოტს უცხადებს

5 ნოემბერი, 2020 • 679
დოლიძე საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესს ბოიკოტს უცხადებს

“მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ  დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა და საჩივრები, რომლის განხილვაც დღეს უნდა მომხდარიყო, პროტესტის ნიშნად საოლქო კომისიის შენობის წინ დაყარა.

დოლიძის თქმით, გუშინ 11 საჩივარი ჰქონდა, თუმცა კომისიამ არცერთი მათგანი დააკმაყოფილა.

“დღეს დაგვრჩა 30-ზე მეტი საჩივარი. თუმცა, კომისიამ 11 საჩივრიდან, სადაც ზუსტად ვიცით, რომ გაყალბებულია ჩვენი ხმები, არცერთი დააკმაყოფილა. ჩვენ ვითხოვდით ოქმების გადათვლას და გაბათილებას, რისიც კომისიის თავმჯდომარეს და მის შემადგენლობას სიკვდილივით ეშინია. მათ არ სურთ, ხალხმა დაინახოს სიმართლე, ის, თუ რა სიბინძურეა შეყრილი “ხალიჩის ქვეშ”. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე სერიოზული პასუხი, რომელსაც საოლქო კომისია იმსახურებს, არის ბოიკოტი და ამ თაღლითური დაჯგუფების საკუთარ თავთან დატოვება”, — განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, აპირებს, რომ საქალაქო სასამართლოს მიმართოს, სადაც, მისი თქმით, პროცესები საჯარო იქნება.

“იმიტომ კი არა, რომ გვჯერა დღევანდელი სასამართლოსი, იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რა დამპალი ხის ფუღუროა საარჩევნო კომისია, დაწყებული კენწეროდან, დამთავრებული მისი ფესვებით“, – განაცხადა დოლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი