ახალი ამბები

მესმის, პოლიტიკური პროცესი მიდის, მაგრამ უპირველესი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებაა — გამყრელიძე

5 ნოემბერი, 2020 • 507
მესმის, პოლიტიკური პროცესი მიდის, მაგრამ უპირველესი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებაა — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.

როგორც გამყრელიძე ამბობს,  დიდი თავშეყრები ინფექციის გავრცელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველია. მისი თქმით, გაზრდილ ინფიცირებასთან დაკავშირებით სიკვდილიანობის ზრდაა მოსალოდნელი.

“მესმის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურები იქნება, მაგრამ თხოვნა და მოწოდებაა თითოეული ადამიანისადმი, ვინც დღეს ამ პოლიტიკურ პროცესბში ჩართულნი არიან, ადამიანის უფლებებიდან უპირველესი არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ ყველამ გავუწიოთ ამას ანგარიში.

თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა. ჯერჯერობით გარდაცვლილთა პროცენტული შეფარდებითი მაჩვენებელი არ არის მაღალი, მაგრამ თითოუელი გარდაცვალება არის ტრაგედია გარდაცლილთა ოჯახისთვის. ამიტომ ეს მაჩვენებელი გვეზრდება ქვეყანაში და გაიზრდება. გაიზრდება ინფიცირებულებთან მიმართებაში და ამიტომ თითოეული დამატებული ახალი ინფექცია არის გართულების რისკი, განსაკუთრებით, ხანდაზმულ ასაკში და ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს”, — განაცხადა გამყრელიძემ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიები აქციებს მართავენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია აქვთ დაანონსებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი