ახალი ამბები

მიზანიმართულად აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს – კალაძე ენმ-ზე

5 ნოემბერი, 2020 • 1043
მიზანიმართულად აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს – კალაძე ენმ-ზე

თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” კლასტერი არის ძალიან საშიში კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით”.

ამის შესახებ კალაძემ 5 ნოემბერს კოვიდპანდემიის პირობებში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციებისა და ენმ-ის წევრ სალომე სამადაშვილის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მათი უპასუხისმგებლო ქმედებები. მე ვფიქრობ, ისინი მიზანიმართულად აკეთებენ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული. ჩვენ ვნახეთ ბათუმის აქციები, ვნახეთ, რაც ხდებოდა საოლქო კომისიებთან, როცა 20 ადამიანი დესტრუქციის მოწყობას ცდილობდა ნიღბების გარეშე. ეს არის თემა, სადაც პოლიტიკა უნდა გადავდოთ გვერდზე. ამ ქვეყნის შვილები ვართ, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის თითოუელ მოქალაქეს, “ოცნების” მხარდამჭერი იქნება თუ სხვა რომელიმე პარტიის, არ აქვს მნიშვნელობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლებს მართავს. 8 ნოემბერს დაგეგმილია ოპოზიციის მასშტაბური აქცია რუსთაველის გამზირზე.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და სხვა მინისტრები, ასევე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი