“[საკოორდინაციო] საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი იმისთვის, რომ ჩვენ გავუმკლავდეთ და შევანელოთ ვირუსის გავრცელება”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა საღამოს ან ღამის საათებში, ასევე კვირის რომელიმე დღეს, ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვა, ან შეზღუდვა რომელიმე კონკრეტულ დასახლებაში, ტრანსპროტის გაჩერება, დიდი სავაჭრო ცენტრების და ბაზრების ან ბაზრობების დაკეტვა. მისი თქმით, ყველა ამ ღონისძიებას ექნება წერტილოვანი ხასიათი და მთავრობა ამას გამოიყენებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდიანრე.
ცქიტიშვილის თქმით, ვირუსის გავრცელების საკითხში პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თითოეულმა მოქალაქემ და დაიცვას ის წესები, რაც კორონავირუსიის გავრცელებას ხელს შეუშლის, მათ შორის “პასუხისმგებლობა აკისრია პოლიტიკურ პარტიებსაც”.
“ჩვენ არასდროს არ შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, ჩვენ არასდროს შეგვიზღუდავს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესი და ჩვენ ძალიან კარგად ვაფასებთ იმას, რომ ქვეყანაში არის არჩვენები, ხდება არჩევნების შედეგების შეფასება. იცით, რომ გველოდება მეორე ტური, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საარჩვნო პროცესი ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა აქტივისტმა მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ან პარტიები გამოხატავენ თავის პროტესტს და თავის აზრს, ეს მოხდეს რეგულაციების დაცვით. საჭიროა მხოლოდ დისტანციის დაცვა და პირბადის კეთება. არავის აუკრძალავს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, რომ არ ვავნოთ სხვას”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.




