ახალი ამბები

დანიაში კორონავირუსის ნიშნების მქონე მილიონობით წაულის დახოცვა იგეგმება

5 ნოემბერი, 2020 • 1644
დანიაში კორონავირუსის ნიშნების მქონე მილიონობით წაულის დახოცვა იგეგმება

დანიის მთავრობა მილიონზე მეტი წაულას მოკვლას გეგმავს, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულმა ამ ცხოველმა შესაძლოა ადამიანისთვის ვაქცინის შექმნას შეუშალოს ხელი. მიზეზი წაულებში ახალი კორონავირუსის მუტაციაა. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დანიის პრემიერ-მინისტრმა წაულების შესაძლო დახოცვის შესახებ გუშინ, 4 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, ცხოველების მოკვლაში მონაწილეობას შეიარაღებული ძალები მიიღებენ. დანიაში 15 მილიონზე მეტი წაულა ჰყავთ მოშენებული და ქვეყანაც მისი ბეწვის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია.

მთავრობის წარმომადგენელმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ინფექციური დაავადებების მიმართულებით, ქარე მოლბაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მუტაციამ, რომელსაც კორონავირუსი წაულას სხეულში განიცდის, შესაძლოა, სამომავლოდ ვაქცინის შექმნას შეუშალოს ხელი. როგორც დანიის რადიო იუწყება, დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა წაულას სხეულში, რომელმაც, თავის მხრივ, დააინფიცირა ადამიანი. მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ ვირუსი, რომელმაც მუტაცია განიცადა, სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს. რაც შეეხება მუტაციას, გამოცემის ცნობით, დანიაში 5 წაულასა და 12 ადამიანში აღმოაჩინეს, რომ ვირუსის ასეთ ფორმას ნაკლები მგრძნობელობა აქვს ანტისხეულების მიმართ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დანიის ახალი აღმოჩენა ეპიდემიოლოგიიურ და ვირუსოლოგიურ მნიშვნელობას იძენს.

The New York Times-ის ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არის საკმარისი ინფორმაცია, შესაბამისად, დანიის გარეთ მცხოვრებ მეცნიერებს ამ პროცესის შეფასება უჭირთ. თუმცა ბაზელის უნივერსიტეტის გენეტიკოსმა, ემა ჰოდკროფტმა მოსახლოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მეცნიერები აუცილებლად დაწერენ სიახლეებს, მათი არსებობის შემთხვევაში.

დანიაში უკვე მოკლეს 400 ფერმაში არსებული ინფიცირებული წაულები, ან წაულები, რომლებსაც ინფიცირების ნიშნები ჰქონდათ. გამოცემის ცნობით, ეს პროცესი დაახლოებით ერთი წლით შეაჩერებს დანიაში ბეწვის წარმოების ინდუსტრიას.

გარეკანის ფოტო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი