ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფთიაქში პარაცეტამოლსაც ვერ იყიდი | ცხინვალი რუსეთის შეზღუდვების პირობებში

5 ნოემბერი, 2020 • 2552
აფთიაქში პარაცეტამოლსაც ვერ იყიდი | ცხინვალი რუსეთის შეზღუდვების პირობებში

ავტორი: ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი, ცხინვალი


რუსეთის საბაჟოზე კონტროლის გამკაცრების გამო, სამხრეთ ოსეთში COVID -19-ის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები და საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი ვეღარ შემოაქვთ, რამაც დაავადების მზარდი გავრცელების ფონზე შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს. 

მოსახლეობის რაოდენობით ძალიან მცირე [20 ათასზე ცოტა მეტი] სამხრეთ ოსეთი COVID -19 -ის გავრცელების ანტირეკორდებს ყოველდღე ამყარებს. 

პანდემიის პირველი ტალღა სამხრეთ ოსეთს საზღვრების ჩაკეტვის გამო ასცდა. ქართულ მხარესთან ყველა საკონტროლო გამშვები პუნქტი 28 თებერვლიდან ჩაიკეტა, ხოლო რუსეთთან საზღვარზე 2 აპრილიდან  საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა – ნებისმიერი შემომსვლელი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ატარებდა, ან სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

შეზღუდვები არ შეეხებოდა რუს სამხედროებს, დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს- მათთვის თვითიზოლაცია დააწესეს. სწორედ საკარანტინო ღონისძიებების წყალობით, ადგილობრივმა სანიტარულმა სამსახურებმა თავიდან აიცილეს ეპიდემიის პირველი ტალღა.

კარანტინის თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ას ორმოცდაათი ინფიცირებული გამოვლინდა. ამავე დროს, თითქმის, ყველა მათგანი რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტი იყო, რომელთაც დაავადება ან მსუბუქად, ან უსიმპტომოდ გადაჰქონდათ. შესაბამისად, დღეს ადგილობრივ მედიკოსებს წითელ ზონაში მუშაობის გამოცდილება აქვთ, თუმცა მძიმე კოვიდ-პაციენტების მკურნალობის გამოცდილება – არა.

რუსეთთან საზღვარი 15 სექტემბერს გაიხსნა. ცხინვალმა ყველა შეზღუდვა ერთბაშად მოხსნა, თითქოსდა, ადგილობრივ მცხოვრებთა მოთხოვნით. რეალურად, შეზღუდვები მას შემდეგ მოიხსნა, რაც ცხინვალში მასობრივ საპროტესტო აქციებზე პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისა და გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომა მოითხოვეს. პროტესტის მიზეზი მაშინ ძალოვანების მიერ დაკითხვის დროს 30 წლის ცხინვალელი ინალ ჯაბიევის სასიკვიდლოდ ცემა გახდა.

ანატოლი ბიბილოვმა საზოგადოების დასაშოშმინებლად მთავრობა დაითხოვა და დამნაშავე მილიციონერებიც დააკავა, თუმცა საზოგადოებისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. შესაბამისად, ბიბილოვმა საზღვარზე შეზღუდვებიც მოხსნა, რითაც გარკვეულწილად დაძაბულობის ტემპერატურა შეამცირა – ადამიანები ან ცხინვალიდან დასასვენელად გადიოდნენ, ან რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდნენ. 

დაავადების მეორე ტალღის პირველი შემთხვევები 30 სექტემბერს დადასტურდა. რუსეთის საზღვარზე შეზღუდვების მოხსნიდან ორი კვრის შემდეგ. 13 ოქტომბერს – 62, 15 ოქტომბერს – 107, 20 ოქტომბერს -215, 28 ოქტომბერს – 580, 3 ნოემბერს კი 1051 დაავადებული იყო რეგისტრირებული. ოფიციალური მონაცემებითვე, კორონავირუსით თოთხმეტი ადამიანი გარდაიცვალა, 231 – ჰოსპიტალიზებულია, 20 – გამოჯანმრთელდა.

დაავადებულთა შორის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევიც არიან. ოფიცალურად, ორივეს მსუბუქი ფორმით აქვთ. პარლამენტის სპიკერს, ალან თადტაევს კი ნაკლებად გაუმართლა – 28 ოქტომბერს მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანეს.

ოფიციალური სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, მეორე ტალღიდან, თითქმის ორი თვის განმავლობაში, მოსახლეობის 5% დაავადდა. ადგილობრივი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ციფრი პონტენციურ დაავადებულთა კვლევების დაგვიანების გამო კიდევაც შემცირებულია. 

პაციენტები ტესტების ნაკლებობას და ტომოგრაფიაზე რიგებს უჩივიან – სამხრეთ ოსეთში მხოლოდ ერთი კომპიუტერული ტომოგრაფის აპარატია, რომელზე მუშაობაც მხოლოდ ერთმა სპეციალისტმა იცის. ის ყოველდღიურად 80-მდე კვლევას ატარებს, თუმცა ბევრად მეტია მათი რიცხვი, ვისაც კორონავირუსის პირობებში კომპიუტერული კვლევა სჭირდება. 

ამასთან, სამხრეთ ოსეთში სულ ოთხი რეანიმატოლოგი და ორი პულმონოლოგია, რომელთაგან ერთს ვირუსული ინფექციების მქონე პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია. ეს მიანიშნებს იმას, რომ ადგილობრივი მედიცინა ვერ უმკლავდება დაინფიცირებულთა ნაკადს. შესაბამისად, ყველაზე მძიმე ასაკოვან პაციენტებს თბილისში და ვლადიკავკაზსში გზავნიან.

28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით ცხინვალში გახსნა 150- საწოლიანი სამხედრო საველე ჰოსპიტალი. ჰოსპიტალში არსებობს გამოსაკვლევი აღჭურვილობა და სარეანიმაციო განყოფილებაც. 

COVID ჰოსპიტლებში, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების თხოვნით, რუსეთიდან ასევე სამი გამოცდილი ექიმი ჩამოვიდა.

[ამასთან, ხელისუფლებამ მოხალისეთა გაერთიანების [“ერთად”] შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც იწვევს მოხალისეებს და მძღოლებს საკუთარი ტრანსპორტით სამედიცინო პერსონალისა და ასაკოვანი მოქალაქეების დასახმარებლად. საუბარია “წითელ ზონაში” მუშაობაზე].

რუსული ჰოსპიტლის წყალობით სამხრეთ ოსეთის სტაციონარებში ადგილები გაორმაგდა, თუმცა ადგილობრივი ექიმები დარწმუნებული არიან, რომ არც ეს იქნება საკმარისი, თუკი ადამიანებს არ ექნებათ ამბულატორიულად მკურნალობის შესაძლებლობა. დღეს, მედიკამენტების დეფიციტის გამო, რომელიც რუსეთის გამო წარმოიშვა, სახლში მკურნალობა შეუძლებელია.

რუსეთის საბაჟომ პირველი თებერვლიდან ტვირთების, მათ შორის, წამლებისა და საკვები პროდუქციის გაფორმების პროცედურა გაამკაცრა. რუსი მესაზღვრეები რუსეთიდან გატანილ ან რუსეთში შემოტანილი ტვირთების გაფორმებას უკვე საბაჟო კავშირის სტანდარტებით ითხოვენ. 

იმ შემთხვევებში, როდესაც რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში შედის ევროკავშირიდან და აშშ-დან შემოსული პროდუქცია, მებაჟეები დამატებით დოკუმენტაციას და ნებართვებს ითხოვენ, რასაც შემომტანები, ბუნებრივია, ვერ წარადგენენ, რადგან სამხრეთ ოსეთის ვაჭრობა, როგორც წესი, შემოიფარგლება ჩრდილოეთ ოსეთის საბითუმო ბაზებიდან მცირე რაოდენობით საქონლის შემოტანით.

მაგალითად, თუ სამხრეთ ოსეთის რომელიმე აფთიაქი რუსეთის ქალაქ პიატიგორსკში შეისყიდის ასი ათასი რუბლის ღირებულების ორასი დასახელების მედიკამენტს, რუსი მებაჟე პრეპარატის თითოეულ დასახელებაში ითხოვს საბაჟო კავშირის სტანდარტების შესაბამის სრულ დოკუმენტაციას. 

ეს მოთხოვნები, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისთვის საჭირო მედიკამენტების შემოტანას ხელს უშლის, – აფთიაქებს ვეღარ შემოაქვთ წამლები. შედეგად, ანტიბიოტიკები, ანტივირუსული პრეპარატები, ანტიკოაგულანტები და მსგავსი წამლები, რომლებიც კორონავირუსის თუ სეზონური გრიპის სამკურნალოდ არის საჭირო, სააფთიაქო დახლებზე უბრალოდ აღარ არსებობს. იშვიათი გამართლებაა, თუ აფთიაქში უბრალო პარაცეტამოლს იყიდი, რომლის ფასიც რამდენჯერმეა გაზრდილი. 

ამბულატორიული პაციენტები წამლებს ვლადიკავკაზიდან ნაცნობ ტაქსის მძღოლებს, ნათესავებს და ახლობლებს აბარებენ. 

პრობლემაა ჰოსპიტლებისთვის ჟანგბადის ბალონების მიწოდებაც, რომელიც საბაჟო პროცედურების სირთულის გამო მუდმივად იგვიანებს. დღეს სამხრეთ ოსეთში ყოველდღიურად მინიმუმ სამოცდაათი ჟანგბადის ბალონის საჭიროებაა. 

ჟანგბადის ბალონები, რომლებიც ცხინვალში შემოაქვთ, ვლადიკავკასზში ჟანგბადის სადგურში ივსება. პროდუქციას არ აქვს ტრანსპორტირებისთვის საჭირო საკუთარი სავაჭრო ნიშანი და ექსპორტზე ლიცენზია. შესაბამისად, სწორედ საზღვარზე პრობლემები იწვევს შეფერხებებს და რიგ შემთხვევებში, პაციენტები ჟანგბადის გარეშე რჩებიან.

პრობლემები ამით არ სრულდება. საქმე ის არის, რომ წამლებზე დეფიციტი თავად რუსეთის რეგიონებშიც იქმნება. რუსეთის ახალი კანონმდებლობით, ყველა წამალი ახალი სტანდარტით უნდა იყოს მარკირებული, მარკირების პროცედურის გავლამდე კი წამალი საწყობიდან აფთიაქში ვერ მოხვდება.  

პირველი ივლისიდან რუსეთში პროდუქციის სავალდებულო ფისკალური მარკირება შემოიღეს – რომლის ოფიციალური მიზანიც არის პრეპარატების ბაზრის გამჭვირვალობა და ყალბი წამლების ბაზარზე გატანის პრევენცია.

ამ მიზნით, წამლის თითოეულ შეფუთვას ციფრული კოდი ენიჭება. კოდს მოსკოვში ერთადერთი ოპერატორი, “პერსპექტიული ტექნოლოგიების ცენტრი” ანიჭებს. 

იგივე ოპერატორი ამუშავებს ინფორმაციას საქონლის გადაადგილების შესახებ, მწარმოებლიდან – იმპორტიორამდე. თითოეული ტრანზაქციიდან გაყიდვის ქსელში მოსახვედრად ოპერატორს გარკვეული პროცენტი რჩება [50 კაპიკი თითოეული შეფუთვიდან].  ამასთან, აღნიშნული გადასახადი არა სახელმწიფოს ბიუჯეტში, არამედ ოპერატორ კომპანიაში ირიცხება. 

ეს არის ახალი რუსული ტენდენცია – როდესაც კრემლთან აფილირებული ბიზნესი სახელმწიფოსა და სუბიექტს შორის დგება. ამგვარად, კერძო ბიზნესი ფიკსალურ კონტროლზე უფლებას იღებს.

რუსეთში ყოველწლიურად იყიდება მედიკამენტის ხუთ მილიარდზე მეტი შეფუთვა, ამიტომაც სრულიად გასაგებია, რომ ერთ ოპერატორ კომპანიას დროულად გაუჭირდება მსგავსი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება. სწორედ ამ მიზეზით, წამლების დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ მწარმოებლის საწყობებშია და კოდის მინიჭებას ელის. ყოველივე ეს კი პანდემიის დროს წამლებზე რამდენჯერმე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხდება. 

ამჟამად რუსეთის საცალო ბაზარი მორჩენილ წამლებს მარაგებიდან ყიდის, თუმცა აფთიაქებში უკვე იგრძნობა წამლის ასორტიმენტის შემცირება, საბითუმო საწყობებში კი, საიდანაც სამხრეთ ოსეთის იმპორტიორები მარაგდებოდნენ, უკვე შეუძლებელია ყველა საჭირო მედიკამენტის ყიდვა.

თუ რუსეთი პირველი ტალღის შემთხვევის მსგავსად კვლავ დაკეტავს საზღვრებს, შექმნილი ურთულესი სიტუაცია სამხრეთ ოსეთში კიდევ უფრო გართულდება.

სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ყველაფერში რუს ჩინოვნიკებს ადანაშაულებს, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა, საკუთარი ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ამ მხრივ, საქართველოში მედიკამენტების ყიდვის არანაირი პრობლემა არ არსებობს, გარდა ადგილობრივი ხელმძღვანელობის დაწესებული შეზღუდვებისა. 

რამდენიმე წლის წინ ლენინგორის რაიონული საავადმყოფოს ექიმებმა, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი წეროვანშია, სამხრეთ ოსეთში წამლების მიწოდების  საკითხი მოაგვარეს. 

მათ ხარისხიანი ევროპული პრეპარატები სამარშუტო ტაქსებით შემოქონდათ და ცხინვალის აფთიაქებსაც ამარაგებდნენ. დაბალი ფასის გამო წამლებზე დიდი მოთხოვნა იყო, ხარისხი კი, ბევრად მაღალი, ვიდრე მათი რუსული ანალოგები. 

ბიზნესი ვითარდებოდა, სანამ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ქართულ პროდუქციას ომი არ გამოუცხადა იმ საბაბით, რომ მტრული სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებას ხელს არ შეუწყობდა. მისივე მითითებით დაიწყო სპეციალური რეიდები და ქართული მარკირებით წამლების ამოღება სააფთიაქო ქსელებიდან. შემდეგმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა კი საერთოდ დახურა გამშვები პუნქტები. 

მოთხოვნების გამკაცრებამ რუსულ საბაჟოზე და საქართველოსთან გამშვები პუნქტების დახურვამ, საბოლოოდ, მძიმე შედეგები გამოიწვია. დღეს კვების და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ფასები ცხინვალში სამჯერ მაღალია, ვიდრე თბილისში, წამლებზე დეფიციტი კი უამრავ ადამიანს გადარჩენის შესაძლებლობას ართმევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი