ახალი ამბები

არჩევნები არის მიტაცებული – თამარ კორძაია

4 ნოემბერი, 2020 • 832
არჩევნები არის მიტაცებული – თამარ კორძაია

საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების წინ მიმდინარე პროტესტის პარალელურად, განცხადებას ავრცელებს პოლიტიკური ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი თამარ კორძაია. მისი თქმით, საუბნო კომისიები დაუსაბუთებლად არ განიხილავენ მიღებულ საჩივრებს.

“დღეს დაიწყო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჩივრების განხილვა და დღეს გადავედით უკანონობის მეორე ტალღაზე. სრულიად დაუსაბუთებლად, კანონის არასწორი განმარტების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიები განუხილველად ტოვებენ პოლიტიკური პარტიების მიერ შეტანილ საჩივრებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია მიხვდა, რომ ჩიხში შევიდა და ვერ შეძლებს იმ საჩივრების განხილვას, იმ სიდიდისა და მასშტაბის გამო, რა დარღვევებითაც მან ჩაატარა არჩევნები”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

პოლიტიკოსის თქმით, მათ არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ საჩივრებით მაინც მიაღწიონ სიმართლეს, თუნდაც ფორმალური პროცედურების ჩატარების გზით.

“მათ [პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს] თურმე არ ყოფნით ასეთი წარმომადგენლობა და სჭირდებათ დამატებითი რწმუნებულება, რომ უფლებამოსილ სუბიექტებად ჩაითვალონ, რათა საჩივარი შეიტანონ. მათ წარსულში ჰქონდათ ამის საშუალება, წელს რატომ შეცვალეთ პრაქტიკა?” – აცხადებს კორძაია.

“დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც არჩევნები არის მიტაცებული, ხოლო ამ წუთებში ამ მიტაცების გაფორმება მიმდინარეობს”, – ამბობს კორძაიამ.

ამ დროისთვის საქართველოს რამდენიმე ქალაქში, საუბნო საარჩევნო კომისიების წინ მიმდინარეობს პროტესტი, რათა კომისიებმა განიხილონ საჩივრები და ზოგ შემთხვევაში თავიდან გადაითვალონ ან გააბათილონ კონკრეტული უბნების შედეგები. თბილისში, ვაკე-საბურთალოში, შსს-ს განცხადებით, აქციაზე სამი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი