ახალი ამბები

ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის დაწესებით მთავრობა უფლებამოსილებას გადასცდა – IDFI

4 ნოემბერი, 2020 • 1556
ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის დაწესებით მთავრობა უფლებამოსილებას გადასცდა – IDFI

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) განხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება — ღია სივრცეში პირბადის გამოუეყენებლობის შემთხვევაში დააჯარიმოს მოქალაქეები — ვერ პასუხობს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებს..

4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ამ შეზღუდვის დაწესებით საკუთარ უფლებამოსილებას გადასცდა, რადგან “ექსკლუზიურად ამ ცვლილების მიღებისათვის სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა ნორმა, რომელიც მას უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებით მოაწესრიგოს საკითხი, თუ ის არ არის მოწესრიგებული საკანონმდებლო აქტით”.

განცხადების მიხედვით, პირბადის ტარების წესს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უკვე აწესრიგებს და ადგენს მისი გამოყენების ვალდებულებას. კერძოდ, IDFI განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შემოღებისას გაითვალისწინა ცალკე სამართალდარღვევა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹¹ მუხლი არ ითხოვს პირბადის ტარებას ღია სივრცეში და არც საქართველოს მთავრობას არ ანიჭებს აკრძალული ქმედების შინაარსის გაფართოების უფლებას.

IDFI განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში უკვე შეიტანა ცვლილება, და სამართალდარღვევად მიიჩნია პირბადის გამოუყენებლობა დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილებისას. არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მთავრობას აქვს უფლება, დააზუტოს მხოლოდ ტექნიკური დეტალები- “მაგალითად, რა არის პირბადე, როგორ უნდა ეკეთოს ის ადამიანს, რა შემთხვევაში უნდა ეკეთოს დახურულ საჯარო სივრცეში და ა.შ.”.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უკვე აწესრიგებს პირბადის ტარების წესს და ადგენს კიდევაც მისი გამოყენების ვალდებულებას. რეალურად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესწორება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტულად ჩამოყალიბებულ შემადგენლობაში, რაც არ უნდა ჩაითვალოს მოუწესრიგებელი საკითხის დროებით რეგულირებად. კანონმდებლობის ამგვარი განმარტება, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამართლებრივ უსაფრთხოებას და არაერთ ძირითად უფლებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ხელონურად გაზარდა საკუთრი უფლებამოსილება და უხეშად შეიჭრა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ექსკლუზიურ კონპეტენციაში.

“ამგვარი ქმედება ამკვიდრებს დემოკრატიული მმართველობისთვის საფრთხის შემცველ პრეცედენტს და არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი